ქობულეთი ტურისტული სეზონისთვის ემზადება

31/05/2016

ქობულეთში ტურისტული სეზონის სამზადისი აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების პარალელურად წესრიგდება ქალაქის ქუჩები, სკვერები, პარკები და სანაპირო ზოლი. გამწვანების სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს დაზიანებული ფილების აღდგენა-რეაბილიტაცია, ასევე მრავალწლიანი ნარგავების შეთეთრება და მწვანე ზოლების გაცელვითი სამუშაოები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩაქვის პარკის ხიდს, ხოლო ცენტრალური პარკის ამფითეატრის აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.
გამგეობის ინიციატივით რამდენიმე დღეში ტურისტულ ზონაში მიმანიშნებლები დამონტაჟდება, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ და ცენტრალურ პარკში ინფო-ბოქსები განთავსდება, ხოლო ქალაქის ქუჩებში დეკორატიული სკულპტურები დაიდგმება.
ქობულეთის, როგორც საკურორტო ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაიგეგმა და განხორციელდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტმა წელს პირველად მიიღო მონაწილეობა საზღვარგარეთ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, ხოლო ივნისის ბოლოსთვის დაგეგმილია ინფო ტურები უცხოური ტურისტული სააგენტოების, ფოტოგრაფების, ბლოგერებისა და ჟურნალისტებისათვის. ასევე წლევანდელი ტურისტული სეზონისთვის დამზადდა საიმიჯო კლიპი და პრეზენტაციები, დაიბეჭდა ტურისტული ბუკლეტები ქობულეთის ეკლესია-მონასტერბისა და საინტერესო ადგილების შესახებ, ასევე დამზადდა „ქობულეთის გიდი“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0