ქობულეთსა და CENN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

10/06/2016

დღეს გამგეობის სააქტო დარბაზში ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ურთიერთშეთანხმება მუნიციპალიტეტში მწვანე საფარის გაუმჯობესებას, მათ ინვენტარიზაციასა და სხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად. პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქობულეთის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის.
„მწვანე საფარის გაუმჯობესებისა და მცენარეთა ინვენტარიზაციის“ პროექტის განხორციელების მიზნით მოწვეულია ინვენტარიზაციის ექსპერტი, რომელიც გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. პროექტის განხორციელება ერთ კვირაში დაიწყება.
შეხვედრას აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს, სატყეო სააგენტოს, ავსტრიის განვითარების სააგენტოს, პროფესიონალთა გაერთიანება „ხის მოვლისათვის საქართველოში“ და სხვა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი პროექტ „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში გაფორმდა. პროექტი ორგანიზაცია „ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0