ქრთამის მიცემის ფაქტზე შპს “ლადი 2011”-ის დამფუძნებელი დააკავეს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე შპს “ლადი 2011”-ის დამფუძნებელი ვლადიმერ ა. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ვლადიმერ ა. დაუკავშირდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროს სპეციალისტს და შეატყობინა, რომ სურვილი ჰქონდა ლანჩხუთის რაიონში მდინარე სუფსას სანაპიროდან უკანონოდ მოეპოვებინა სასარგებლო წიაღისეული – ინერტული სამშენებლო მასალა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. ბრალდებულმა საჯარო მოხელეს სთხოვა აღნიშნულ საქმიანობაში სამსახურებრივი მფარველობა თავის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, რის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ წინასწარ ქრთამის სახით მისცემდა მის მიერ ყოველთვიურად მოსაპოვებელი ქვიშა-ღორღის საფასურს, ერთ კუბზე 50 თეთრის ოდენობით.
შპს “ლადი 2011”-ის დამფუძნებელმა აღნიშნულ საჯარო მოხელეს წინასწარ ქრთამის სახით გადასცა მოსაპოვებელი 8000 კუბი ქვიშა-ღორღის უკანონოდ მოპოვების საფასური – 4000 ლარი, რა დროსაც იგი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Visited 147 times, 1 visit(s) today