ქუვეითის წამყვანი ტუროპერატორებისა და კომპანიებისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

18/05/2017

ქუვეითში, ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანია Interco Travel Group-ის ორგანიზებით, ქვეყანაში არსებული წამყვანი ტუროპერატორებისა და კომპანიებისთვის გაიმართა საქართველოს, როგორც მზარდი ტურისტული მიმართულების მქონე ქვეყნის შესახებ პრეზენტაცია.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ქუვეითში საქართველოს ელჩი როლანდ ბერიძე, რომელმაც ისაუბრა საქართველოს ტურისტული, კულტურული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ და მოწვეულ სტუმრებს გააცნო პროგრამები – ,,გადაიღე საქართველოში’’ და ,,ისწავლე საქართველოში’’. პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატის ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევის თაობაზე და ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს ფაქტი წარმოადგენს ტურიზმის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებებისა და პროგრესის საერთაშორისო აღიარებას.
პრეზენტაციაზე ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებულ ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე სხვადასხვა სფეროში. განსაკუთრებით გაესვა ხაზი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის საიუბილეო თარიღის მნიშვნელობას.
Interco Travel Group-მა და ქუვეითურმა ავიაკომპანია Wataniya Airways-მა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ქ. ქუვეითის სასტუმრო Courtyard Marriott-ში გამართულ პრეზენტაციას, ტუროპერატორების, კომპანიებისა და ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის გარდა, ესწრებოდა Interco Travel Group-ის დამფუძნებელი ნინო მახვილაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0