ქუთაისის აეროპორტი, როგორც პროექტი და ასევე კომპანია Wizz air – თან გაფორმებული კონტრაქტი არის წარმატებული, რადგან ამას მოყავს კიდევ უფრო მეტი ტურისტი საქართველოში

06/10/2017

,,ქუთაისის აეროპორტი, როგორც პროექტი და ასევე კომპანია Wizz air – თან გაფორმებული კონტრაქტი არის წარმატებული, რადგან ამას მოყავს კიდევ უფრო მეტი ტურისტი საქართველოში“- ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა, სადაც საქართველოს პრემიერ მინისტრისა და და Wizz air – ის კომერციული დირექტორის, ჯორჯ მიხალოპულოსის შეხვედრაზე Wizz air-ის ახალი რეისების, ქუთაისის აეროპორტში კომპანიის მეორე ბაზის დამატებისა და ტერმინალის გაფართოების საკითხები განიხილეს. შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთი ალექსიძეც ესწრებოდა.
როგორც დღეს შეხვედროს შემდეგ გახდა ცნობილი, Wizz air-ი ქუთაისიდან 16 მიმართულებით, 11 ევროპულ ქვეყანაში იფრენს. რომის, პარიზის, ბარსელონას და პრაღის მიმართულებით რეისები 2018 წლის მაისიდან დაიწყება.
Wizz air-ი ასევე აორმაგებს რეისების რაოდენობას დღემდე მოქმედ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებზე, რისთვისაც ქუთაისში ბაზირებული იქნება ავიაკომპანიის A320 ტიპის მეორე საჰაერო ხომალდი.
გიორგი გახარიას განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში წელს და მომავალ წელსაც ბევრი სიახლე გველოდება. პირველი – ეს არის ახალი ტერმინალი, რომლის მშენებლობა უკვე იწყება. გარდა ამისა, ქუთაისის აეროპორტს დაუკავშირდება რკინიგზა, რაც გიორგი გახარიას შეფასებით, ძალიან კომფორტულს გახდის მგზავრობას აეროპორტიდან.
,,მესამე სიახლე გახლავთ ის, რომ ქუთაისის აეროპორტიდან კომპანია Wizz air გახსნის ახალ მიმართულებებს, როგორიცაა რომი, პრაღა, ბარსელონა, პარიზი, ხოლო იმ მიმართულებების სიხშირე, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი იყო, გაიზრდება – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
გიორგი გახარიას შეფასებით, ქუთაისი აეროპორტში ბაზირებული Wizz air – ის კიდევ ერთი თვითმფრინავი მომავალ ტურისტულ სეზონს შეუწყობს ხელს, ,,ტურისტებისთვის საქართველოში ჩამოსვლა უფრო კომფორტული უნდა იყოს და ჩვენს მოქალაქეებსაც ხელი უნდა შევუწყოთ, რაც შეიძლება ხშირად იმოგზაურონ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ
ქუთაისი აეროპორტის გააქტიურებაზე და 82%-იან ზრდაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმაც. ქეთი ალექსიძის განცხადებით, ბოლო პერიოდის განსაკუთრებული ზრდა სხვადასხვა პოზიტიურმა ფაქტორებმა განაპირობა.
,,აღსანიშნავია, რომ ახალი ბაზის დამატება გულისხმობს დაახლოებით 100 მილიონიან ინვესტიციას კომპანიის მხრიდან. უშუალოდ მათ მიერ დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაორმაგდება და დაახლოებით 72 კაცი იქნება. ასევე გაიზრდება ჩვენი აეროპორტის შემადგენლობაც“- განაცხადა ქეთი ალექსიძემ. მისივე თქმით, დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება აეროპორტის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები რომ გაზრდილ მოთხოვნას მოემსახურონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0