ქუთაისის პარლამენტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ შეუშლის ხელს ქუთაისში პარლამენტის სხდომების გამართვას

12/09/2017

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის პარლამენტის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები, ქუთაისში პარლამენტის სხდომების გამართვას არანაირად არ შეუშლის ხელს.
„რაც შეეხება თვითონ რეაბილიტაციის სამუშაოებს, არანაირად არ შეუშლის ეს სამუშაოები ხელს იმას, რომ ქუთაისში ჩატარდეს პარლამენტის სხდომები. რეაბილიტაციას არანაირი კავშირი არ ექნება ბუნებრივია საპარლამენტო სხდომების გამართვასთან, ეს იქნება აუცილებლად უზრუნველყოფილი. რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ ისედაც, მომავალი წლის ბოლომდე, რომც გვინდოდეს, ვერანაირად ვერ ჩავატარებთ სხდომებს თბილისის პარლამენტის სასახლეში, თუმცა უფრო ხანგრძლივი ვადითაც ვგეგმავთ ჩვენ ქუთაისში დარჩენას. ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობდით ჩვენ საზოგადოების წინაშე.
თქვენ იცით რა მდგომარეობაა ქუთაისში. მოსაწესრიგებელია შენობა, მიმდებარე ტერიტორია და ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია საჭიროებს შესაბამისი სამუშაოები დაგეგმვას. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი და გარდა ამისა, ჩვენ უკვე განვაცხადეთ, რომ გვინდა ერთგვარი საჩუქარი გავუკეთოთ ქუთაისის მოსახლეობას. გარდა იმისა, რომ მიმდებარე ტერიტორია მოემსახურება ბუნებრივია უშუალოდ პარლამენტს, აქ უნდა შეიქმნას პარკი, რომლითაც ისარგებლებს ქუთაისის მოსახლეობა და ამისათვის დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0