ქუმსიშვილი ,,ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა ასოციაციისგან” წინადადებებს ელოდება

29/01/2016

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ,,ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა ასოციაციისგან” წინადადებებს ელოდება იმასთან დაკავშირებით, თუ რით დაეხმაროს სახელმწიფო მათ.
ქუმსიშვილის თქმით, წინა კვირას მას შეხვედრა ჰქონდა “ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა ასოციაციასთან”, რომელზეც მათი პრობლემატიკა დეტალურად განიხილეს.
,,ეს დარგი პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ექსპორტის საკმაოდ დიდი წილი აღნიშნულზე მოდის. დღეის მდგომარეობით მსოფლიოში ფასები არის საკმაოდ დაცემული და შესაბამისად, აღნიშნულ კომპანიებს აუცილებლად სჭირდება დახმარება. მათ დახმარება სჭირდებათ, როგორც ადმინისტრაციული ბარიერების ნაწილში, ასევე შესაძლოა სხვა ნაწილშიც”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება, რომ 5-7 დღის განმავლობაში ,,ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა ასოციაციამ” უნდა წარმოადგინოს სრულყოფილი წინადადება, თუ რით სურთ სახელმწიფო დაეხმაროს. ქუმსიშვილის თქმით, ამის შემდეგ უკვე საქართველოს მთავრობა იმსჯელებს თუ როგორ დაემხაროს მათ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0