ღამე მუზეუმში

23/05/2016

ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის დასრულებას მრავალფეროვანი ღონისძიებებით, განახლებული პროგრამით, ახალი სცენითა და ინფრასტრუქტურით შეეგება. მუზეუმმა დამსწრე საზოგადოებას “ღამის მუზეუმი” წარუდგინა, სადაც ყველა მსურველს შესაძლებლობა მიეცა საღამოს 9 საათიდან შესანიშნავი ღონისძიებებით ესიამოვნა. ამ დღეს მუზეუმმა უამრავ სტუმარს უმასპინძლა. შედგა პროგრამის “ახალგაზრდა გიდები” პრეზენტაცია. მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებმა შეისწავლეს გიდის პროფესია , მუზეუმის ისტორია და 21 მაისს ისინი პირველად წარდგნენ ფართო საზოგადოების წინაშე როგორც გიდები .დღის კულმინაციას კი კონცერტი წარმოადგენდა სახელწოდებით “მე-19 საუკუნის პოეზია მუსიკაში” ლეგენდარული ანსამბლის “ქართული ხმების და სხვა გამოჩენილი მომღერლების მონაწილეობით. კონცერტი მუზეუმის ეზოში ახლად დამონტაჟებულ სცენაზე შედგა, რაც დიდ სიახლეს წარმოადგენს მუზეუმისათვის. დღის ბოლოს , მუზეუმში გაიმართა პოეზიის საღამო ქალაქ მცხეთის ახალგაზრდა პოეტების მიერ, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შემოქმედება გააცნეს.
ამაღელვებელი და სასიამოვნო მოვლენა გახლდათ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის ანდრო ბედუკაძის მიერ ქართული ხმების ილიას ოქროს მედლით დააჯილდოვება “ქართული კულტურის წინაშე დამსახურებისა და ილიას მუზეუმის ხანგრძლივი, უანგარო თანადგომისათვის”.
საგურამოში, აღნიშნულ ღონისძიებას, მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე მადონა ჯიქია, ქალაქ მცხეთის მერი ავთანდილ ნემსიწვერიძე,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები და უამრავი სტუმარი ესწრებოდა. ღონისძიების ორგანიზატორებმა მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორს გოჩა ზეიკიძესა და მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზურაბ აბესაძეს მადლობა გადაუხადეს კვირეულის ფარგლებში მხარდაჭერისა და დახმარებისათვის

Tweet about this on TwitterShare on Facebook0