„ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

01/03/2017

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამდივნომ (იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი) „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმის მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ფორუმის წევრი საჯარო უწყებები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
სამდივნომ ფორუმს „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების თვითშეფასების საბოლოო ანგარიში წარუდგინა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს, ასევე, ახალი სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია და შესაბამისი სამომავლო ნაბიჯები.
ფორუმის თანამომხსენებელმა ზურაბ სანიკიძემ ისაუბრა „OGP“-ის სხვა წევრ ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. ფორუმმა იმსჯელა საქართველოს, როგორც „OGP“-ის თანათავმჯდომარე ქვეყნის, სტრატეგიის შემუშავების პროცესის დაწყებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები და იდეები ფორუმის წევრმა არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საჯარო უწყებებმა წარმოადგინეს.
მიმდინარე 2016-2017 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის ვალდებულებების შესრულების პროგრესის შესახებ ფორუმს ზეპირი ანგარიშები წარუდგინეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ „112“-მა.
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OPEN GOVERNMENT PARTNERSHIP – OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 75-მდე სახელმწიფოს აერთიანებს. საქართველო პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული წევრია. მის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგად შესაძლებელი გახდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და მისი ელექტრონულად გამოთხოვა; გაიზარდა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა წრე; შეიქმნა მოქალაქის პორტალი − WWW.MY.GOV.GE.
საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნის, წარმატების დასტურია ის, რომ 2014 წელს ქვეყანა „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს; ხოლო 2016 წელს საქართველო მმართველი კომიტეტის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით ღია მმართველობის თანათავმჯდომარე გახდა. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0