ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს აუცილებლად სჭირდება

09/01/2020

„ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს აუცილებლად სჭირდება, ამიტომ მთავრობა ანაკლიის ნავსადგურის ასაშენებლად ახალი ინვესტორის მოძიების პროცედურებს დაიწყებს. არაერთხელ გვითქვამს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენს ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის და ზოგადად, ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის. ეს პროექტი ეკუთვნის სახელმწიფოს და არა რომელიმე კერძო ინვესტორს. სწორედ სახელმწიფომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა ჯერ კიდევ 2014 წელს და საინვესტიციო ხელშეკრულების მიხედვით, 2020 წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს ოპერირებაში პორტი. სამწუხაროდ, ეს შედეგი ვერ მივიღეთ და ამის პერსპექტივაც არ ჩანს. ამით არის განპირობებული კონკრეტულ ინვესტორთან ხელშეკრულების შეწყვეტა და უფრო სერიოზული, ფინანსურად ძლიერი ინვესტორის მოძიება, რომელიც უზრუნველყოფს იმ შედეგს, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება.
ნაპატიებია 10 მილიონ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, რაც სახელმწიფოს მხრიდან გაწეული შეღავათია. დღეის მდგომარეობით კონსორციუმს კიდევ აქვს დარიცხული გარკვეული პირგასამტეხლო და შესაბამისად, მისი ანაზღაურების საკითხი, ისევე როგორც სხვა იურიდიული პროცედურები, ბუნებრივია, დაიწყება. ეს გულისხმობს იმასაც, რომ კონსორციუმმა სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოს გადაცემული მიწები და სხვა საპროექტო დოკუმენტაცია. ეს პროცედურები გაწერილია ხელშეკრულებაში და ზედმიწევნით მივყვებით ხელშეკრულების მოთხოვნებს, “ – ამის შესახებ დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0