ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ხელი მოვაწერეთ ინვესტიციების მხარდაჭერის და დაცვის ხელშეკრულებას,

01/03/2017

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ბელარუსში ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ბელარუსის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების მხარდაჭერისა და დაცვის, ასევე საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი.
გიორგი გახარიამ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოსა და ბელარუსს ვაჭრობის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულებები ორი ქვეყნის კომპანიების ინტერესს ინვესტიციების განსახორციელებლად კიდევ უფრო გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ბელორუსიას შორის ვაჭრობის ინდექსმა 78 მილიონს მიაღწია.
,,ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ხელი მოვაწერეთ ინვესტიციების მხარდაჭერის და დაცვის ხელშეკრულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბელარუსული კომპანიების საქართველოში, ასევე ქართული კომპანიების ბელარუსულ ბაზარზე გააქტიურებისთვის. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ რამდენიმეჯერ იზრდება ხოლმე კომპანიების აქტიურობა და ურთიერთინვესტირების ინტერესი“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულებები ხელს შეუწყობს და ღია ბაზარს მისცემს ფასის დაბალანსების საშუალებას, გაიზრდება ვიზიტორთა და, შესაბამისად, ავიარეისების რაოდენობაც.
,,მეორე ხელშეკრულება არის საჰაერო მიმოსვლის შესახებ, სადაც, ფაქტობრივად, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ღია ბაზარი დააბალანსებს როგორც ფასს, ასევე რეისების რაოდენობას, რადგან ჩვენ პირდაპირ ვართ დაინტერესებული ბელარუსიდან საქართველოში მაქსიმალური რაოდენობის ტურისტები მოვიზიდოთ. ვფიქრობთ, რომ უკვე წელს ამ ხელშეკრულებებს თავისი შედეგი ექნება“ – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.
გიორგი გახარია ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0