ყვითელი ავტობუსების რესურსი ამოწურულია და ავტოპარკი განახლებას საჭიროებს

08/02/2018

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც თბილისი მერმა ახალი ხედვები წარადგინა.
“ჩვენ ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობა, რომ წელსვე შემოიყვანოთ სულ მცირე 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი. მე მგონია, რომ ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ, შევუქმნათ ყველანაირი პირობები, რომ მგზავრობა იყოს კომფორტული და ნაწილობრივ შემსუბუქდეს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა.
ყვითელი ავტობუსების რესურსი ამოწურულია და ავტოპარკი განახლებას საჭიროებს. მათი ჩანაცვლების მიზნით, 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში 700 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შემოყვანა იგეგმება.
მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ტრანსპორტისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურების მონაწილეობა სავალდებულო იქნება.
გარდა ამისა, მშენებელი ვალდებული იქნება, სამშენებლო სამუშაოების საინფორმაციო დაფასთან ერთად, დენდროლოგიური პროექტის საინფორმაციო დაფაც გამოაქვეყნოს. ეს ეხება არა მხოლოდ კერძო სექტორს, არამედ მერიასაც და ჩვენც მოგვიწევს ამ ყველაფრის გათვალისწინება, როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვახორციელებთ. ამ კონკრეტული პროექტებით ჩვენ შევძლებთ, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან შევქმნათ სკვერები, რომლებიც გამწვანებული და მოწესრიგებული იქნება
სამშენებლო ნებართვების გაცემისას, ასევე, გათვალისწინებული იქნება ტრანსპორტის მოძრაობის საკითხიც.
თავიდანვე მოხდება გათვლა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე საცხოვრებელი ფართის აშენება, რათა შემდეგ, იქ მცხოვრებ ადამიანებს ტრანსპორტის მხრივ პრობლემა არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. მოხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად იქნება სამშენებლო ნებართვები გაცემული.
დღეს პირველად ვამტკიცებთ აქტს, რომლითაც განისაზღვრება 50-ზე მეტი ხის სახეობა და მოხდება თბილისის სამომავლო გამწვანება. ეს ხეები შერჩეულია თბილისის არქიტექტურისა და კლიმატის გათვალისწინებით.
შერჩევის პროცესში ჩართულები იყვნენ სხვადასხვა ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი დახმარებით განხორციელდა ეს ცვლილებები, მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მათ თანამშრომლობისთვის, ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს ურთიერთობები”-განაცხადა კახა კალაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0