ყირგიზეთის რესპუბლიკასთან ხელშეკრულება გაფორმდა

13/10/2016

საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმებას. საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა, ხოლო ყირგიზეთის მხრიდან – ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ერლან აბდილდაევმა. „ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას. შეთანხმების ტექსტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მოდელს და განსაზღვრავს ქვეყნებს შორის დაბეგვრის პრინციპებს. შეთანხმების მთავარი მიზანია, ასევე, გადასახადების გადაუხდელობისაგან თავის არიდება, რაც საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით მიიღწევა. ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 52 ქვეყანასთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0