ყოველწიურად მზარდია ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა რაოდენობა

01/11/2017

დღეს ბოტანიკოსთა სიმპოზიუმი „კოლხეთის მცენარეთა სამყარო: მრავალფეროვნება, ეკოლოგია, კონსერვაცია“ გაიმართა. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსების 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სიმპოზიუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძემ სიმპოზიუმის მისასალმებელ სიტყვაში რეგიონისათვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის ტურისტულ პოტენციალს განსაკუთრებით ამდიდრებს და ღირებულს ხდის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია ქვეყნისა და რეგიონის ნამდვილი სავიზიტო ბარათია.
,,ყოველწიურად მზარდია ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა რაოდენობა: 2017 წლის ზაფხულში კი 35 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მე განსაკუთრებით მახარებს.
განსაკუთრებით მახარებს და მეამაყება ასევე ახალი და ინოვაციური პროექტი – ალპური ბოტანიკური ბაღი, რომლის იდეა მართლაც უნიკალურია: ერთი მხრივ იგი ბუნებრივი სიმდიდრისა და ფლორისტული მრავალფეროვნების გრძელვადიან კონსერვაციას და ეკოსისტემის შენარჩუნებას ემსახურება, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური სარგებლის შექმნას მთის მოსახლეობისთვის“-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
საერთაშორისო სიმპოზიუმში 7 ქვეყნის (აშშ, ინგლისი, იტალია, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი) 150-მდე ბოტანიკური ბაღების და ბოტანიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამდღიანი სიმპოზიუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ექსკურსიები გოდერძის უღელტეხილზე აჭარის მაღალმთიანი ეკოსისტემების და ენდემური სახეობების გასაცნობად და გოდერძის ალპურ ბაღში მიმდინარე სამუშაოების სანახავად. სტუმრები ასევე დაათვალიერებენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს „ბორჯღალო“ და გონიოს ციხეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0