შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა დღეს Black Sea Arena-ზე პრესკონფერენცია გამართეს

01/09/2017

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორებმა დღეს Black Sea Arena-ზე პრესკონფერენცია გამართეს. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, „ბლექ სი არენა ჯორჯიას” დირექტორმა ანა კავლელიშვილმა, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ესპანელმა ფოლკლორისტმა პოლო ვალეხომ ფესტივალის მნიშვნელობაზე, მონაწილე ქვეყნებსა და ფოლკლორულ ჯგუფებზე, გალა კონცერტის დეტალებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს.
შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად შავიზღვისპირეთში ტარდება და წელს, გურიასთან ერთად აჭარაც მასპინძლობს. ფესტივალმა სტარტი გუშინ, ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღო.
ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მიმდინარეობს ურეკის კულტურის სახლშიც. კონცერტში, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის უფასოა, მონაწილეობენ ქართული ფოლკლორული ჯგუფები: შემოქმედი, რეხეული, ამაღლება, ადილეი, ძირიანი, შილდა, ასევე ფესტივალში მონაწილე შემსრულებლები უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და თურქეთიდან.
აღნიშნული ფესტივალი ხვალ, 2 სექტემბერს, გრანდიოზული გალა კონცერტით Black Sea Arena-ზე დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ გალა კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 5 ლარიდან იწყება.
ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან – ფლამენკოს შემსრულებელი ჯგუფი La Moneta & Flamenco” სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, მაყურებლის წინაშე წარსდგება.
წელს ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გრძელდება და 7 ქვეყანას მასპინძლობს. მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.
ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია, Black Sea Arena-ს, ,,Check in Georgia”-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0