შატილში ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობა დაიწყო

21/07/2020

სოფელ შატილში ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობა დაიწყო. დღეს 20 მოსწავლეზე გათვლილი შენობის საძირკველი გაიჭრა. სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის კონტრაქტორი კომპანია „პარვუს ჯგუფი“ ასრულებს. შატილის ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შარშან მას შემდეგ მიიღო, როდესაც სკოლის შენობა ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. სკოლა-პანსიონი პირიქითა ხევსურეთში ასეთი პროფილის ერთადერთი სასწავლებელი იყო. ახალი პროექტის თანახმად, 550 კვადრატულ მეტრზე 2-სართულიანი შენობა აშენდება. სკოლაში განთავსდება სასწავლო, საძინებელი და დამხმარე ოთახები, ასევე – სველი წერტილები, რომელიც დაკავშირებული იქნება საევაკუაციო გასასვლელთან.
უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდება მყარ საწვავაზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებული იქნება თანამედროვე სტანდარტების მასალა- მოწყობილობები შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. მშენებლობის დასრულება სექტემბრის დასაწყისში იგეგმება, რაც დიდწილად კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული. დაფინანსების წყაროა მთის განვითარების ფონდი, პროექტის სავარუდო ბიუჯეტი კი 1,5 მლნ ლარია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0