შემუშავებული დოკუმენტით ვიღებთ ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას

12/12/2017

„ვაყალიბებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, პლენარულ სხდომაზე, კონსტიტუციური კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტის ინიცირება თვენახევრის წინ მოხდა, რის შემდეგაც საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. „ეს განხილვა ერთი თვის განმავლობაში შედგა. სამი ძირითადი შეხვედრა გაიმართა: გაიმართა შეხვედრა ქუთაისში პარლამენტის სხდომათა დარბაზში აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან. აქ იყო წარმოდგენილი დასავლეთ საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების პროფესურა, ასევე, სტუდენტები. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დასავლეთ საქართველოდან. მეორე შეხვედრა შედგა თბილისში – პარლამენტის სხდომათა დარბაზში. აქ უკვე აღმოსავლეთ საქართველოს უნივერსიტეტების პროფესურა მონაწილეობდა. მესამე შეხვედრა შედგა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებთან. ჩვენ კიდევ ერთხელ განვახორციელეთ იმ ცვლილებების პრეზენტაცია, რომელიც შედის კონსტიტუციაში, მოვისმინეთ კომენტარები, შენიშვნები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. რაც შეეხება იმ ხუთ საკითხს, რომელიც იმთავითვე კანონპროექტის სახით იყო ინიცირებული, რაიმე პრინციპული, არსებითი შენიშვნები არ გამოთქმულა. იყო დამატებითი კომენტარები კონსტიტუციის სხვა მუხლებთან დაკავშირებით. და ის დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილია თქვენ წინაშე, ასახავს დამატებით კომენტარებს, რომელიც არის გამოთქმული შესაბამის შეხვედრებზე. ასეთი იყო საყოველთაო-სახალხო განხილვის შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კანონპროექტი, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებთ არის შედგენილი. „ასეთი არის ოთხი რეკომენდაცია. როდესაც შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება მოხდა, მასში ასახული იყო ოთხი შესაბამისი ცვლილება, რასაც დაემატა მეხუთე – ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება, რომელიც უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის არჩევას. ინიცირებულ კანონპროექტში სხვა ცვლილებები წარმოდგენილი არ იყო, თუმცა საყოველთაო-სახალხო განხილვის საფუძველზე დაემატა რამდენიმე ცვლილება, რომელთაგან უმეტესობა ტექნიკური ხასიათისაა“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შემოთავაზებული ცვლილებები ირაკლი კობახიძემ მუხლობრივად მიმოიხილა. მისი თქმით, მეხუთე მუხლში შემოთავაზებულია დამატება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. „სახელმწიფო ზრუნავს გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი რესურსებით რაციონალურად სარგებლობასა და ქვეყნის ეკოლოგიურად მდგრად განვითარებაზე – ეს არის შემოთავაზებული ფორმულირება. მოგეხსენაბათ, გარემოს დაცვის უფლება არის გარანტირებული კონსტიტუციის მეორე თავით ძირითადი უფლებების რანგში. შემოთავაზებულია დამატებით სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ქვეშ შესაბამისი ტექსტის გაწერა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, იცვლება მე-16 მუხლის ტექსტი, რომელიც რწმენის თავისუფლებას ეხება. „ჩვენი მხრიდან გაზიარებული იქნა ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაცია. ახალი ტექსტი იქნება მთლიანად შესაბამისობაში ევროკონვენციასთან. უფრო მეტიც, ახალი ტექსტი დაადგენს უფრო მაღალ სტანდარტს, ვიდრე ადგენს ევროკონვენცია რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
24-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც საარჩევნო უფლებას ეხება, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში შემოთავაზებული იყო მცირე ჩასწორება. „კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არ აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე, განზრახი დანაშაულისთვის იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. აქ გამოითქვა მოსაზრება ერთ-ერთი ექსპერტის მხრიდან, რომ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ განზრახი. ეს არის პრინციპული, კონცეპტუალური საკითხი. ამ ტექსტიდან ისე იკითხება, თითქოს ასეთი დანაშაული შეიძლება იყოს როგორც განზრახ, ისე გაუფრთხილებლობით ჩადენილი. აქედან გამომდინარე, ტერმინი „განზრახი“ არის ამოღებული 24-ე მუხლიდან, რათა გასწორდეს შესაბამისი ნორმის შინაარსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა 27-ე მუხლთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გამოთქმული შენიშვნის შესახებ. „ჩვენ, მოგეხსენებათ, დავამატეთ ჩანაწერი კონსტიტუციას აკადემიური თავისუფლების თაობაზე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მხრიდან იყო შემოთავაზება, რომ ამ ჩანაწერს დაემატოს ტექსტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიის თაობაზე, საუნივერსიტეტო ავტონომიის თაობაზე. ახალი რედაქციით, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომია უზრუნველყოფილი იქნება“, – განმარტა ირაკლი კობახიძემ.
37-ე მუხლი ეხება პარლამენტის არჩევნებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილება ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპულია.
„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, პრინციპული ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაში შედის. საქმე ეხება ე. წ. ბონუსის სისტემას. ვენეციის კომისიის პირვანდელი რეკომენდაციის თანახმად, უნდა ჩაგვესწორებინა ბონუსი, რაც ჩვენ გავაკეთეთ, თუმცა ამის შემდეგ, საბოლოო დასკვნაში ვენეციის კომისიამ გვირჩია, რომ მაინც მთლიანად გაგვეუქმებინა ბონუსის სისტემა. ჩვენ გარკვეულ რისკებს ვხედავთ ბონუსის გაუქმებაში. მიზანი ბონუსის სისტემის იყო სტაბილურობის უზრუნველყოფა პლურალიზმთან ერთად. შესაბამისად იყო ჩადებული ბონუსის სისტემა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში. ანუ გარკვეული რისკები იქნება დაკავშირებული ბონუსის გაუქმებასთან, თუმცა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, პოლიტიკური პარტიების, პირველ რიგში, საპარლამენტო პარტიების, რომ ერთად ვიზრუნოთ პარტიული სისტემის ინსტიტუციონალიზმზე, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაზე. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რა თქმა უნდა შემცირდეს რისკების მასშტაბი, რომელიც დაკავშირებული შეიძლება იყოს სრულად პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან. აქედან გამომდინარე, არის შემოთავაზებული 37-ე მუხლში მე-7, მე-8, მე-9 პუნქტების მთლიანად ამოღება და მე-6 პუნქტის ჩასწორება. მანდატების დასადგენად პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5% მაინც მიიღეს“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლითაც ზუსტად არის გაწერილი მანდატების განაწილების წესი და, შესაბამისად , საარჩევნო კოდექსის დონეზე მანიპულირების საშუალება არ რჩება.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შემოთავაზებულია ტერმინოლოგიური ცვლილება. კერძოდ, ტერმინი „ხმოსანი“ არის ჩანაცვლებული ტერმინით „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ .
მე-60 მუხლში, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას ეხება, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მე-6 პუნქტში იყო 2 ძირითადი ცვლილება ასახული. „პირველში იყო გაწერილი გარკვეული ვადები. კერძოდ, აღნიშნული იყო, რომ დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე 1 წლის განმავლობაში არ არის მიღებული. ეს რედაქცია ადგენდა პრაქტიკულად 3-თვიან ვადას საქმის განხილვისათვის. ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ ეს ვადა გაგვეხანგრძლივებინა. ჩვენ ეს ვადა კიდევ 3 თვით გავახანგრძლივეთ. ეს აისახა ახალ რედაქციაში და საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება სულ მცირე, 6-თვიანი ვადა იმისათვის, რომ შესაბამისი სარჩელი განიხილოს. ასევე, იყო რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ სრული კონსენსუსის შესახებ ნორმა ამოგვეღო კონსტიტუციიდან, რაც არის უზრუნველყოფილი“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, გარკვეული ცვლილებები ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. „დაზუსტებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადა. 4 -წლიანი ვადა არის განსაზღვრული ყველა გამწესებული წევრისათვის. ასევე, დაკონკრეტებულია, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ექსოფიციო არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ასევე, დაკონკრეტებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის არჩევის წესი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით მის მიერ არჩეულ წევრთაგან ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა გარდამავალი დებულებების მეორე მუხლში შეტანილ ცვლილებაზე, რომელიც ბლოკის ინსტიტუტის ერთჯერადად დატოვებას ითვალისწინებს. „აქაც იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. პირადად ჩემთვის არ არის მისაღები ერთჯერადად ბლოკის ინსტიტუტის დატოვება, თუმცა იყო პოლიტიკური კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, დარჩება ერთჯერადად ბლოკის ინსტიტუტი. მოგეხსენებათ, გარკვეულ რისკებს შეიცავს მანიპულაციის ეს ინსტიტუტი, თუმცა შევეცდებით, რომ კანონის დონეზე მაქსიმალურად მოვახდინოთ ამ რისკების პრევენცია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში იყო შემოთავაზება, მოქალაქეობასთან დაკავშირებულ ნორმასთან მიმართებაში. „სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა აღარ არის აპრიორი საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. იყო შემოთავაზება, რომ შესაბამისი ნორმა აგვემოქმედებინა უფრო ადრე, ვიდრე სხვა რეგულაციები – ნოემბერზე ადრე, შესაბამისად, ემატება გარდამავალ დებულებებს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ამ კანონის პირველი მუხლით დადგენილი საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები ამოქმედდება ამ კანონის გამოქვეყნებისთანავე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან, ასევე, ისაუბრა კომიტეტის სხდომებზე გამოთქმული შენიშვნის შესახებ, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უკავშირდება. „იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა იყო, რომ ევროკონვენციის ტექსტის თანახმად ჩამოგვეყალიბებინა ჩარევის საფუძველი, თუმცა კომიტეტზე გაიმართა ამასთან დაკავშირებით დისკუსია. ჩვენ ვთხოვეთ იუსტიციის სამინისტროს, წარმოედგინა მაგალითები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება იყოს დასახური ინფორმაცია და რა შემთხვევაში შეიძლება გვაიძულოს ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება ჩვენ ახალმა, დამტკიცებულმა ჩანაწერმა. ასეთი მაგალითები მოყვანილი არ ყოფილა კომიტეტის სხდომაზე. აქედან გამომდინარე შემოთავაზება არ არის ასახული კანონპროექტში. თუ იქნება წარმოდგენილი, შეგვიძლია მეორე მოსმენისთვის დავუბრუნდეთ ამ საკითხს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსიაც.
დეპუტატებმა ცვლილებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. მათი კითხვები, ძირითადად, ტერმინოლოგიას, ასევე, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს ეხებოდა.
გიორგი ვოლსკის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა გარკვეული მოსაზრებები მე-18 მუხლთან დაკავშირებით, რომელიც საიდუმლო ინფორმაციის გაცემის წესებს ეხება და რომელიც შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებთან. „ეს ცვლილებები არის სწორედ ამ რეკომენდაციების პასუხი. საპარლამენტო რესპუბლიკის სტანდარტი და, ზოგადად, პარლამენტარიზმი, როგორც მას თანამედროვე კონსტიტუციონალისტური მიდგომები განსაზღვრავს, არის მმართველობის ყველაზე დემოკრატიული ფორმა. შემოთავაზებული კანონპროექტით ხელი შეეწყობა დემოკრატიული ცხოვრების მაღალ სტანდარტებს, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებების თითოეული კომპონენტი არის სწორედ ამ დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დისკუსიის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შემუშავებული დოკუმენტი დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას უზრუნველყოფს.
„იმ დოკუმენტით, რომელიც არის შემუშავებული, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდება უკვე ამ ცვლილებების მიღებისთანავე, ჩვენ ვიღებთ ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომლის ერთ-ერთი მახასიათებელი, ძალიან მნიშვნელოვანი პროპორციული არჩევნებია. ამ ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნება იმის თავიდან არიდება, რაც ჩვენ ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა 90-იანი წლებიდან და განსაკუთრებით, 2004 წლის შემდეგ. საუბარი მაქვს ნახევრად ავტორიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმებზე, რომელიც იყო ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული საქართველოში. ამ რეჟიმის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი იყო სწორედ დამახინჯებული კონსტიტუცია. ეს კონსტიტუცია არასწორი ფორმით ჩამოყალიბდა თავის დროზე. განსაკუთრებით, 2004 წლის ცვლილებებზე გავამახვილებდი ყურადღებას, რომელმაც ჩამოაყალიბა აბსოლუტურად დაუბალანსებელი, პროავტორიტარული კონსტიტუცია და სწორედ ამ კონსტიტუციის შედეგი იყო ის რეჟიმი, რომელსაც მოჰყვა ადამიანის უფლებების მასობრივი შელახვა და დემოკრატიის პრინციპის უხეში უგულებელყოფა.
„ჩვენ ვასწორებთ ამ ყველაფერს, ვაყალიბებთ ისეთ სისტემას, ისეთ კონსტიტუციას, რომელიც თავიდან აგვარიდებს გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთ კრიზისებს და ასეთ პრობლემებს. ვაყალიბებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0