„შენების მოძრაობამ“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა აღნიშნა და მერობის კანდიდატი დაასახელა

04/08/2017

„შენების მოძრაობამ“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა აღნიშნა და საარჩევნო გუნდთან ერთად თბილისის მერობის კანდიდატი თენგო შერგელაშვილი დაასახელა. განათლებით ეკონომისტი თენგო შერგელაშვილი არის სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის აღიარებული სპეციალისტი ოცწლიანი საექსპერტო, პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით – საუკეთესო პროფესიონალი კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში.
ფორმირების პროცესში მყოფი „შენების მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებს განიხილავს სამარჩევნებიანი სამწლიანი პოლიტიკური ციკლის საწყის ეტაპად. მოძრაობა ადგილობრივ არჩევნებში წარმატებასთან ერთად მიზნად ისახავს თანამოაზრეთა ფართო წრის შემოკრებას 2018 წლის გაზაფხულზე პარტიის დასაფუძნებლად და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად. აღნიშნულ პოლიტიკურ ციკლში მოძრაობის მთავარი ამოცანაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება და კოალიციური მთავრობის ფორმირება.
„შენების მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ საზოგადოებას აქვს ქართულ პოლიტიკაში ევოლუციური გზით ეპოქალური ცვლილებების მოთხოვნილება და მზაობა. ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა სახელმწიფოს მართვის სადავეებისკენ გზა გაეხსნათ სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციურ, პატრიოტ პროფესიონალებს და გზა გადაეკეტოთ კერძო ინტერესების მსახურ, ყველაფრისმკადრებელ პოლიტიკოსებსა და საჯარო მოხელეებს.
ამ მიზნით მოძრაობა პოლიტიკურად გაააქტიურებს ასობით განათლებულ, საკუთარ პროფესიაში წარმატებულ, მაღალი პიროვნული ღირსებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე თანამოქალაქეებს, რომლებიც დღემდე თავს იკავებდნენ უწესო წესებით მართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმისაგან. სწორედ ასეთი მიდგომით შეირჩა თბილისის საარჩევნო გუნდი დღეს და სწორედ ასეთი მიდგომით გაიზრდება და გაძლიერდება მოძრაობა ხვალ.
„შენების მოძრაობა“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0