შეურაცხყოფა მოდის ყოველთვის მათი მხრიდან და არასოდეს პრეზიდენტის მხრიდან

03/08/2017

შეურაცხყოფა მოდის ყოველთვის მათი მხრიდან და არასოდეს პრეზიდენტის მხრიდან – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე ”ქართული ოცნების” განცხადებას, რომლის მიხედვითაც პარტია მოუწოდებს ყველას, ”არ აყვნენ გიორგი მარგველაშვილს და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს”.
”ჩვენ ამ ხნის განმავლობაში პრეზიდენტის ნებისმიერ ინიციატივაზე, წინადადებაზე და მოსაზრებაზე ყოველთვის ვაწყდებით აგრესიულ დამოკიდებულებას მმართველი ძალის წარმომადგენელთა მხრიდან. ეს ერთი მხრივ შეიძლება აიხსნას, როგორც უცნაური აკვიატებული დამოკიდებულება პრეზიდენტ მარგველაშვილისადმი, რომელიც არ არის, როგორც ეს წინა წლებში იყო, მმართველი გუნდის წარმომადგენელი და ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი. როგორც ჩანს, მმართველ ძალას სჭირდება ერთგვარი მტრის ხატის შექმნა მთელ ამ სიტუაციაში, როდესაც ვხედავთ, რომ პრობლემებია სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიის თვალსაზრისით.
როდესაც ერთი მეორეს მიყოლებით ხან ვენეციის კომისია გვეუბნება, რომ შეშფოთებულია საქართველოში შექმნილი ვითარებით, ხან ფედერიკა მოგერინი გვაფრთხილებს ამის შესახებ, ხან NDI გველაპარაკება, რომ ორი საქართველო არსებობს, შესაძლოა სწორედ ამ ყველაფრის გადაფარვას ემსახურებოდეს მმართველი ძალის წარმომადგენელთა მხრიდან მუდმივი თავდასხმა პრეზიდენტზე.
ჩვენ მივესალმებით, საერთოდ თუ შეწყვეტენ შეურაცხყოფის რეჟიმში ყოფნას, იმიტომ, რომ შეურაცხყოფა მოდის ყოველთვის მათი მხრიდან და არასოდეს პრეზიდენტის მხრიდან” , – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
”მე მოვუწოდებდი მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, საკუთარ თანაგუნდელებს მოსთხოვონ, რომ ნუ იქნებიან ისინი შეურაცხმყოფელი განცხადებების ინიციატორები. რამდენი შეურაცხყოფა და ცილისწამება მოგვისმენია პრეზიდენტის მისამართით, მაგრამ მე არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, რომ მმართველი გუნდის წევრებს ერთმანეთისთვის მიეთითებინოთ, რომ ასეთი დამოკიდებულება აზიანებს ინსტიტუციებს შორის დამოკიდებულებას.
პრეზიდენტის ყოველი ნაბიჯი მიმართულია პრეზიდენტის ინსტიტუტის განმტკიცებისაკენ, რაც ძალიან სჭირდება ქართულ დემოკრატიას, ქართული დემოკრატიის პერსპექტივასა და მომავალს. არასოდეს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით რაიმე კონფრონტაციული ნაბიჯის გადადგმას არც გეგმავდა და არც მომავალში დაგეგმავს. ყველა მისი ნაბიჯი არის კონსტიტუციის ინტერესიდან გამომდინარე” – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში დღემდე, პარტია, რომელიც უმრავლესობას მოიპოვებს, მისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0