შვედეთის გარემოს დაცვის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა

07/06/2016

შვედეთის გარემოს დაცვის დღეების ფარგლებში, ბათუმის საზაფხულო თეატრში ფოტოგამოფენა ,,კლიმატის ცვლილებების პირისპირ’’ მოეწყო. დღემდე გამოფენა მსოფლიოს 23 ქვეყანაში 250 ათასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა. შვედი მხატვრების მიერ წარმოდგენილ გამოფენას ქართველი კარიკატურისტი მხატვრები შეუერთდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე ნამუშევარი.
ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ქ-ნი მარტინა ქვიქი დაესწრნენ. სამდღიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ვორქშოფები, სემინარები და აქტივობები ახალგაზრდებისთვის. ხვალ კი სანდასუფთავების სამსახურთან ერთად მოეწყობა აქცია ,,დავასუფთაოთ საქართველო“. 9 ივნისს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ მდებარე მოედანზე ფლეშ მობი გაიმართება.
საქართველოში შვედეთის გარემოს დაცვის დღეები შვედეთის საელჩოს, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ბათუმის მერიის, შვედური ინსტიტუტისა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0