შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნულმა ელჩმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო შვეიცარიის კონფედერაციის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პატრიკ ფრანცენი, რომელმაც მას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. დავით ზალკალიანმა პატრიკ ფრანცენს მიულოცა ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა ელჩად მუშაობის პერიოდში. საუბრისას მინისტრი მიესალმა საქართველო-შვეიცარიას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, მჭიდრო და დინამიკურად მზარდ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები მომავალშიც არ დაიშურებენ ძალისხმევას არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განსამტკიცებლად. ხაზი გაესვა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) და საქართველოს შორის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობას ქართულ-შვეიცარიული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კონტექსტში. ამასთან, აღინიშნა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს შვეიცარიის, როგორც მედიატორის ფუნქციას საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობებში. ამასთან, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს შვეიცარიული მხარის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. პატრიკ ფრანცენს აგრეთვე მიეწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარებისა და საქართველოს მთავრობის ძალისხმევის შესახებ, რომელიც მიმართულია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ.
შვეიცარიის ახალმა ელჩმა, თავის მხრივ, პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებული დინამიკა და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია იმ დიდი პოტენციალის ათვისება, რაც თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. მან დაადასტურა შვეიცარიის კონფედერაციის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დადებითად შეაფასა ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. პატრიკ ფრანცენმა გამოთქვა მზაობა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს ქართულ-შვეიცარიული თანამშრომლობის შემდგომ განმტკიცებაში.

Visited 159 times, 1 visit(s) today