შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბორჯომის კულტურის ცენტრის ფოიეში გამოფენით გაიხსნა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებულ
საღამოზე მისულ სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ ბორჯომელი ხელოვანების მიერ, „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე, სხვადასხვა დროს შექმნილი ნამუშევრები დაეთვალიერებინათ. აღსანიშნავია, რომ გამოფენას ბორჯომის საკვირაო სკოლისა და საჯარო სკოლების მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთები და ნახატებიც ამშვენებდა. განსაკუთრებული ადგილი ეკავა ასევე მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულ ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანს“.
ორგანიზატორების ჩანაფიქრის მიხედვით, სტუმრებს პატარა მხატვრებისათვის თვალის მიდევნებაც შეეძლოთ, რომლებიც მთელი მონდომებით, ცდილობდნენ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციების ხატვით მოეწონებინათ თავი.
მთავარი ღონისძიების დაწყებამდე, მოწვეულ სტუმრებს, ფოიეშივე საშუალება ჰქონდათ ერთი სტროფი წაეკითხათ უკვდავი პოემიდან. მოგვიანებით ღონისძიებამ დარბაზში გადაინაცვლა, სადაც საფუძველი ჩაეყარა შოთა რუსთაველის საზოგადოების ჩამოყალიბებას ბორჯომში. კონცერტის ფარგლებში გაიმართა ასევე იმ მოსწავლეებისა და პედაგოგების დაჯილდოვება რომლებმაც გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.