შოკის მომგვრელი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ბედთან დაკავშირებული განცხადება

08/02/2017

აბსოლუტურად შოკის მომგვრელი იყო განცხადება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის შემდგომ ბედთან დაკავშირებით გაკეთდა, – ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ნინო ბურჯანაძე ითხოვს, გამოძიება დაიწყოს არხის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებაზე 400 მილიონის დახარჯვასთან დაკავშირებით. ბურჯანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლობისთვის თანხების მოძიების თხოვნით ყოფილ პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება ბიუჯეტიდან, თითოეული მოქალაქის ჯიბიდან და 400 მილიონი არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არის ის თანხა, რომელზეც გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს და უმკაცრესი ზომები იქნეს მიღებული.
გარდა ამისა, ერთმნიშვნელოვნად მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს იმის შესაძლებლობა სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რომ საერთოდ რომ აღარ იყოს თანხა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობისთვის მოიძებნოს ბიუჯეტიდან ან თუნდაც საკუთარი ჯიბიდან ხეების გადარგვის ნაცვლად, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დარჩეს საზოგადოებრივი მაუწყებლობის გარეშე.
მეხუთე წელია, საქართველოს ხელისუფლებაშია „ქართული ოცნება“. თუ ყოველწლიურად გამოყოფილი ათობით მილიონი საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის იხარჯებოდა არამიზნობრივად, რას აკეთებდა „ქართული ოცნება“ და რატომ არ იღებდა სასწრაფოდ ზომებს. კატეგორიულად მინდა ხაზი გავუსვა „მეორე არხთან“ დაკავშირებულ ვითარებას, მე მინდა განსაკუთრებით მოვუწოდო „მეორე არხის“ ჟურნალისტებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ დათმონ ის მონაპოვარი, რომლისთვისაც ჩვენ ყველა ერთად ვიბრძოდით სააკაშვილის დროს. სააკაშვილმაც კი ვერ გაბედა „მეორე არხის“ გახსნაზე და მუშაობაზე უარის თქმა, იმიტომ რომ ეს იყო მოპოვებული თავისუფლება, რომლისთვისაც ჩვენ, მაშინდელმა ოპოზიციამ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ და ამ ბრძოლაში ჩვენ ნამდვილად დაგვეხმარა საერთაშორისო თანამეგობრობა. წლების განმალობაში პრაქტიკულად, „მეორე არხი“ იყო ერთადერთი შესაძლებლობა, რომ მე და ჩემ თანაპარტიელებს და კიდევ ბევრ სხვა ადამიანს, ხმა მიგვეწვდინა საქართველოს მოსახლეობისათვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით „მეორე არხის“ ჟურნალისტებს იმ მაქსიმალური ობიექტურობისათვის, რასაც ისინი იჩენდნენ და კატეგორიულად მინდა მოვუწოდო მათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაყარონ ფარ-ხმალი და არ დაუშვან არხის დახურვა. ასევე, მინდა მივმართო ბატონ მაღლაფერიძეს და იმედი ვიქონიო, რომ ის არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებს იმას, რაც არ გაუკეთებია სააკაშვილსაც კი, და არ დახურავს „მეორე არხს“, არ წაგვართმევს შესაძლებლობას, რომ ვესაუბროთ ჩვენს ამომრჩეველს და ჩვენს მოქალაქეებს. ერთმნიშვნელოვანია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შეჩერება, მითუმეტეს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ძალიან სერიოზულად შელახავს ელემენტარულ დემოკრატიულ პროცესს წინასაარჩევნო პერიოდში და პირდაპირი ლეგიტიმურობის კითხვის ნიშანს გააჩენს არჩევნებთან დაკავშირებით. თუ განხორციელდება ის, რაზეც არის მოარული საუბარი, რომ დაიხურება „მეორე არხი“, რომ შეწყდება „პირველი არხის“ მაუწყელობა, პირადად მე და უამრავი ადამიანი საქართველოში ამას აღვიქვამთ, როგორც მედიაზე კიდევ ერთ და ძალიან მძიმე, ძალიან ძლიერ შეტევას. აღვიქვამთ ისე როგორც ფაქტს, რომ ბიძინა ივანიშვილს „ქარეთული ოცნების“ და მასთან დაკავშირებული ადამიანების მეშვეობით უნდა სრული კონტროლი დაამყაროს ქართულ მედია სივრცეზე და საერთოდ გადაგვიკეტოს ის ჟანგბადი, რასაც მედიის თავისუფლება ჰქვია.
მე მინდა გავაფრთხილო „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, რომ სააკაშვილის ხელისუფლების ნგრევა დაიწყო მაშინ, როცა სააკაშვილმა შეტევა მიიტანა „იმედზე“ და შეტევა მიიტანა თავისუფალ მედიაზე. მართალია, ამ ნგრევას დრო, ძალიან ბევრი ბრძოლა და ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ ეს რეჟიმი დაინგრა. ყველა ხელისუფლება, რომელიც დაუპირისპირდება სიტყვის თავისუფლებას, ჟურნალისტებს, მედიას ძალიან ცუდად დაამთავრებს. მე არ ვისურვებ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ცუდად დაამთავრონ, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლების სათავეში არიან ახლა და მე არ ვუსურვებ ჩემს ქვეყანას, რომ მისმა ხელისუფალმა და მმართველმა დაამთავროს ცუდად, რადგან ეს ავტომატურად ქვეყნისთვის პრობლემებს ნიშნავს. მაგრამ აქეთკენ მიდიხართ ბატონებო. ბატონო ბიძინა, დაანებეთ ხეებს თავი და მიხედეთ ქვეყანას და ხალხს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა თქვენზეა. ყველას კარგად გვახსოვს წინასაარჩევნო პერიოდში თქვენი მედიასთან შეხვედრები, დაპირებები და აქტიურობა, თუ თქვენ გინდოდათ რომ ხელისუფლებას ჩამოშორებოდით, მაშინ არც წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა გეაქტიურათ. თუ იაქტიურეთ წინასაარჩევნო პერიოდში და დააწერინეთ ის ციფრები თქვენთან დაკავშირებულ ადამიანებს, მაშინ კეთილი ინებეთ და მიხედეთ ქვეყანას. ოღონდ არა ისე, როგორც ამას აკეთებთ არამედ ისე, რომ მართლაც დემოკრატიით გააოცოთ ევროპა. დღეს ქართულ ტელევიზიას – საზოგადოებრივ მაუწყებელს გადარჩენა სჭირდება. კიდევ ერთხელ მივმართავ ვასილ მაღლაფერიძეს, რომელმაც იცის ოპოზიციაში ყოფნის ფასი, რომელსაც ნამდვილად უბრძოლია და თავისი წვლილი შეუტანია ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, არ გააკეთოს ის, რაც ნამდვილად კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება როგორც ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის ასევე, ელემენტარული დემოკრატიული ფასეულობებისთვის. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც იბრძოლებს იმისათვის, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება არ მოკვდეს და საქართველოში არ მოკვდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენ ყველანაირად გვერდში დავუდგებით ამ ადამიანებს და ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ საზოგადოებრივი მაუწყებლის და განსაკუთრებით, „მეორე არხის“ დახურვა“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0