შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში – კონფერენცია გაიმართა

26/07/2019

შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში – ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა დღეს ტექნოპარკში. ღონისძიებაზე შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და სიახლებზე იმსჯელეს. სამშენებლო სექტორში მომხდარი უბედური შემთხვევები ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს როგორც მსოფლიოსთვის ისე საქართველოსთვის. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიხედვით, სამშენებლო სფერო უბედური შემთხვევების ყველაზე მაღალი სიხშირით ხასიათდება. ასევეა საქართველოშიც, როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობის 2015-2018 წლების ანგარიშებშია ასახული, უბედური შემთხვევების ყველაზე დიდი წილი სწორედ ამ სექტორზე მოდის.
სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურთან და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან ერთად უკვე დაიწყო ინტენსიური მონიტორინგი სამშენებლო სექტორში უსაფრთხოების ნორმებისა და შრომის პირობების ინსპექტირების მიზნით.
ბოლო 4 დღის განმავლობაში 24 სამშენებლო ობიექტი შემოწმდა. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად კომპანიებს შესაბამისი ვადა განესაზღვრათ. 11 სამშენებლო ობიექტებს, რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩნდათ, დარღვევების სრულად გამოსწორებამდე მშენებლობის უფლება შეუჩერდათ.
კომპანიები, რომლებიც დარღვევებს უმოკლეს ვადაში არ გამოასწორებენ, დაჯარიმდებიან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად, ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფები იმუშავებენ ყოველდღიურ რეჟიმში.
კონფერენციაზე სამშენებლო უსაფრთხოების თემაზე შექმნილი მობილური აპლიკაციის – „მშენებლობის უსაფრთხოება“ პრეზენტაციაც გაიმართა. ახალი პროგრამა წარმოადგენს დამხმარე საშუალებას, რომელიც სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისა და უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით შეიქმნა.
მობილური აპლიკაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტისა და „GIZ PSD TVET-ის“ თანამშრომლობით შეიქმნა და ის სამშენებლო ინდუსტრიაში უბედური შემთხვევის დაზღვევასა და პრევენციაზე უფლებამოსილი სადაზღვევო ინსტიტუტის (BG BAU) მობილური აპლიკაციის ქართულ ვერსიას წარმოადგენს.
პროგრამა შეიქმნა ქართული და გერმანული კანონმდებლობისა და ევროკავშირის სტანდარტების საფუძველზე. წარმოდგენილი კონცეფცია ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც მორგებულია ქართულ გარემოზე. აპლიკაცია დატვირთულია გრაფიკული მაგალითებით და ადვილად გამოიყენება კონკრეტული უსაფრთხოების ზომების მისაღებად.
ღონისძიებაზე განიხილეს „შრომის უსაფრთხოებისა შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში არსებული სიახლეები და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მოკვლეული გამოწვევები შრომის პირობების დაცვის მიმართულებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0