შსს-სა და ლიტვის პოლიციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

19/05/2017

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა და ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსმა, ლინას პერნავასმა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტს შორის“ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
აღნიშნული დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის საპოლიციო სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ურთიერთგაგების მემორანდუმი გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას დანაშაულის პრევენციის, კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის და საპოლიციო განათლების მიმართულებით. ამ მიზნით, ჩატარდება ერთობლივი სემინარები და განხორციელდება სასწავლო ვიზიტები.
ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლიტველი სამართალდამცველები შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონულ სამმართველოს ესტუმრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის და დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობები განიხილეს და ამ მიმართულებით ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
დელეგაციის წევრები ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საპილოტე პროგრამის მუშაობით დაინტერესდნენ და პროგრამის ფარგლებში დანერგილ ტექნოლოგიურ სიახლეებს, მათ შორის, ინციდენტთა აღრიცხვის საინფორმაციო სისტემას, ასევე, გორის რაიონული სამმართველოს ანალიტიკოსების მიერ შექმნილ რამდენიმე ახალ პროექტს გაეცნენ.
ლიტვის ეროვნული პოლიციის დელეგაციის ვიზიტი საქართველოს შს სამინისტროში პროგრამის – „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ – ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საპოლიციო საკითხებში ურთიერთობების გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0