შსს-ს მაშველებმა ადიდებული ჭოროხიდან ორი ტურისტი და საქართველოს ერთი მოქალაქე გამოიყვანეს

29/07/2017

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ – „112“-დან შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში, მდ. ჭოროხის ადიდების შედეგად, 2 აზერბაიჯანელი ტურისტი მდინარის მეორე ნაპირზე აღმოჩნდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე, ქ. ბათუმის საზღვაო-სამაშველო განყოფილების ჯგუფებმა მოახდინეს უსწრაფესი რეაგირება და რამდენიმე წუთში აზერბაიჯანის ორი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს.
ტურისტების ინფორმაციით, მათი 8-კაციანი ჯგუფი ბუნებაში დასასვენებლად იმყოფებოდა, რა დროსაც მდინარეში წყლის დონემ მატება დაიწყო. 6-მა მათგანმა გამოსვლა მოასწრო, ხოლო 2 ჭოროხის მეორე ნაპირს შემორჩა. ტურისტები შეშინდნენ, რის გამოც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველების დახმარება ითხოვეს. აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ქ. ბათუმის საზღვაო-სამაშველო განყოფილების 2 ჯგუფისგან უმოკლეს ვადაში მიიღეს ადეკვატური დახმარება.
მდ. ჭოროხის ადიდებამ პრობლემა, ტურისტების გარდა, 1 ადგილობრივ მცხოვრებსაც შეუქმნა. 50 წლამდე ქალბატონი ხელოვნურად წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა, რის გამოც მაშველების დახმარება ითხოვა. ქ. ბათუმის საზღვაო-სამაშველო განყოფილების მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0