შსს-ს სპორტული კლუბის წევრი, დათა ქაჯაია „ოქროს საჭით“ დაჯილდოვდა

24/02/2017

შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA Force-ს წევრი, შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი, ავტომრბოლელი დათა ქაჯაია „ოქროს საჭით“ დაჯილდოვდა. ჟურნალ „Auto Bild საქართველოს“ ორგანიზებით, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“, პრესტიჟული საავტომობილო კონკურსის – „ოქროს საჭის“ შემაჯამებელი ღონისძიება და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე 6 კლასში 2016 წლის საუკეთესო ავტომობილები გამოავლინეს. ავტოსპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საავტომობილო ოსკარის სახელით ცნობილი ჯილდო -„ოქროს საჭე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი MIA Force-ს წევრმა, დათა ქაჯაიამ მიიღო. გასულ წელს დათა ქაჯაია ამავე კონკურსის გამარჯვებულად და 2015 წლის საუკეთესო მრბოლელად დასახელდა. ღონისძიებას შსს-ს სპორტული კლუბის წარმომადგენლები, საავტომობილო კომპანიების ხელმძღვანელები, ავტომრბოლელები, ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ჟურნალი „Auto Bild Georgia“ 2008 წლიდან გამოდის და მსოფლიოში ნომერ პირველი საავტომობილო ჟურნალის, გერმანული Auto Bild-ის ლიცენზირებული გამოცემაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0