შს მინისტრი რუმინეთის ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორატს ეწვია

27/04/2016

ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რუმინეთის ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორატს ეწვია. გიორგი მღებრიშვილი ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორს, ბრიგადის გენერალ მარინ ანდრეინას და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდა.
საქართველოს შს მინისტრსა და ქართულ დელეგაციას მასპინძლებმა რუმინეთის ჟანდარმერიის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და უწყების მიზნებსა და ფუნქციებზე დეტალურად ისაუბრეს.
შეხვედრაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებსა და რუმინეთის ჟანდარმერიის გენერალურ ინსპექტორატს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
გიორგი მღებრიშვილმა საპოლიციო სფეროში გამოცდილებისა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა.
რუმინულმა მხარემ ქართველ კოლეგებთან ღრმა და მრავალმხრივი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და ქართველი ოფიცრები 2016 წლის სექტემბერში ჟანდარმერიაში დაგეგმილ მაღალი დონის სწავლებაზე მიიწვია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს შს მინისტრმა რუმინეთის ჟანდარმერიის ინფრასტრუქტურა და შეიარაღება დაათვალიერა. სპეციალურად ქართული დელეგაციისთვის, გენერალურმა ინსპექტორატმა ჟანდარმერიის საჩვენებელი წვრთნები მოაწყო. სიმულაციური ჩვენება უწყების ძირითადი დანიშნულების დემონსტრირებას ემსახურებოდა.
გიორგი მღებრიშვილმა რუმინეთის ჟანდარმერიის სამახსოვრო წიგნში სპეციალური ჩანაწერი გააკეთა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0