შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია სრულდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუამთა-ჭყვიშის საავტომობილო გზის 4,5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება.

როგორც prof-news-ს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, სარეაბილიტაციო მონაკვეთი იმერეთის რეგიონში ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ სოფლებზე შუამთასა და ჭყვიშზე გადის. აღნიშნული გზა გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმებთან მიდის და ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, გზა 25 წელზე მეტია არ შეკეთებულა და ის თითქმის ამორტიზებულ მდგომარეობაში ფუნქციონირებდა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შუამთა–ჭყვიშის გზის რეაბილიტაციის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გზის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია ასფალტ-ბეტონის საფარის მთლიანად განახლება. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, ბეტონის პარაპეტების, საგზაო ნიშნების, საორიენტაციო ბოძკინტების, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

ამ დროისათვის, სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და დარჩენილია მხოლოდ საგზაო ნიშნებისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. გზის რეაბილიტაციის შედეგად, გაიზრდება გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმების ვიზიტორთა რაოდენობა. აგრეთვე, გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური პირობები.

პროექტი, რომლის ღირებულება 1 მილიონ 468 ათასი ლარია სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მიმდინარე წლის ზაფხულამდე დასრულდება.

Visited 1 150 times, 1 visit(s) today