შუახევის სოფელ მაწყვალთაში ახალი სკოლა გაიხსნა

17/09/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და პედაგოგებს მაღალმთიანი აჭარის სოფელ მაწყვალთიდან მიულოცა, სადაც მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ სკოლაში შეხვდნენ. მაწყვალთის საჯარო სკოლის გახსნის ცერემონიალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდნენ. პროექტის მიხედვით აშენდა 100 მოსწავლეზე გათვლილი ორსართულიანი შენობა სპორტული დარბაზით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისათვის საჭირო ყველა მოთხოვნას. მოეწყო საკლასო და ადმინისტრაციისთვის განკუთვნილი ოთახები, ბიბლიოთეკა, შშმ პირთათვის ადაპტირებული სველი წერტილები. სასკოლო კაბინეტები და სპორტული დარბაზი აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. ამჟამად სკოლაში სწავლობს 41 მოსწავლე, რომელთა შორის მხოლოდ 3 პირველკლასელია, სკოლაში დასაქმებულია – 23 პედაგოგი. სკოლას აქვს საკუთარი მდიდარი ბიბლიოთეკა, 8000- ზე მეტი სასკოლო და მხატვრული ლიტერატურით. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწყვალთის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობისთვის 734 444 ლარის სამუშაოები განხორციელდა. 2018 წელს სკოლას 400-მდე დასახელების მხატვრული ლიტერატურა გადაეცა აჭარის არ. განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0