შუახევში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს

16/10/2017

შუახევში მეორე დღეა გადაუღებლად წვიმს. ტემპერატურა მკვეთრად დაეცა, მაღალ მთაში მოთოვა. ადიდებულია მდინარეები და მისი შენაკადები. ჭარბმა ატმოსფერულმა ნალექებმა, ნიადაგის გაწყლიანებამ გააქტიურა მეწყერული პროცესები. სტიქიამ დააზიანა გზები, გადარეცხა გზის ხრეშოვანი საფარი, რიგ ადგილებში განვითარდა ქვათაცვენა.
ხიჭაური-ჭვანის გზაზე დაზიანებულია გიდეურას 12 მეტრი სიგრძის რკინა-ბეტონის ხიდი. ხიდზე მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები გადაადგილდება.დღის მეორე ნახევარში წყალსაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმა წაიღო წყალშავას 5 მ სიგრძის ბეტონის ხიდი და ორი სოფელი ინწკირვეთი, ნაღვარევი იზოლირებულია, ადმინისტრაციულ ცენტრს ვერ უკავშირდება.
ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო დღის საათებში ელექტროენერგა არ მიეწოდება სოფლების (ნაღვარევის, ახალდაბის), ნაწილობრივ შუბნისა და უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიას-ს“ მომსახურების ცენტრიდან გვაცნობეს, დღის ბოლომდე დენის მიწოდება ყველა აბონენტთან აღდგება.
სტიქიის ზონაში იმყოფება მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ ებრალიძე გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსს ზაზა ზოიძესთან ერთად, რომელიც ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომარეობას.24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას საგანგებო შტაბი. მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0