შუახევში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

25/01/2019

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, შუახევის მერთან ფრიდონ ფუტკარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად შუახევში მშენებარე საზოგადოებრივ ცენტრს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს.
საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. შუახევის საზოგადოებრივი ცენტრი არა მარტო დაბაში მცხოვრებ მომხმარებელს მოემსახურება, არამედ მიმდებარე სოფლებსაც.
საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივები მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვა სერვისებით სარგებლობას. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, სოფლის მკვიდრნი საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებითაც, რაც პენსიონერებს პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების საშუალებას მისცემს.
საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე იქნება განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკა. საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ.
შუახევში საზოგადოებრივ ცენტრზე მინდინარე სამუშაოები აპრილში დასრულდება.
პროექტის მთავარი იდეა სახელმწიფო სერვისების მოქალაქემდე მიტანა და ქართული სოფლის გაძლიერებაა.
დღეის მდგომარეობით გახსნილია 60 საზოგადოებრივი ცენტრი,მიმდინარე წელს იგეგმება 15 ცენტრის გახსნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0