ჩაის საწარმოში იოდიზირებული პროდუქციის წარმოება მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მდებარე ჩაის გადამამუშავებელი საწარმო „ნატურა თი კომპანი“ დაათვალიერა, სადაც ჩაის იოდიზირებული პროდუქციის წარმოება მიმდინარეობს.
„ჩაის გადამამუშავებელ საწარმოში გამოშვებულ ოთხ პროდუქციას დაემატა მეხუთე იოდიზირებული ჩაი, რომელიც პირველად „ნატურა თი კომპანი“ საწარმოში მუშავდება. ეს მეთოდი აპრობირებულია და მათ აქვთ ყველანაირი კვლევების დადასტურება იმის შესახებ, თუ როგორი აუცილებელი და სასარგებლოა პროდუქცია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. პროდუქტი გამდიდრებულია კივის ფოთლებიდან მიღებული ექსტრაქტული ნივთიერებებით. ჩაის რეალიზება დაწყებულია და ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონისთვის. ვფიქრობ ასეთი კარგი პროდუქციის წარმოებით იოდის დეფიციტთან დაკავშირებით უამრავი სამედიცინო პრობლემაც მოგვარდება. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის გამოშვება პირველად გურიაში მოხდა და მას ანალოგი არ ჰყავს. კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ნებისმიერი სახის წარმოების განვითარებას,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
საწარმო ექსპლუატაციაში 2014 წლის 5 მაისიდან შევიდა. ის 100 ტონამდე ნედლეულს ამუშავებს. ნედლეულის 60%-ს მეწარმე ჩაის საკუთარი პლანტაციებიდან იღებს, 40%-ს კი მოსახლეობისგან. ქარხანაში 20, ხოლო ჩაის პლანტაციებში 70-მდე ადგილობრივი დასაქმდა. პროექტის განსახორციელებლად კომპანიის მფლობელმა ბერდია ელგუჯაურმა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის აგროლიზინგის კომპონენტით 70 ათასი აშშ დოლარის სესხი აიღო, რომლითაც ჩაის გადამამუშავებელი დანადგარები შეიძინა. სესხის 12 %-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო იხდის, ხოლო 3%-ს – თავად მეწარმე. „ნატურა თი კომპანია“ უახლოეს მომავალში გეგმავს პროდუქციის გატანას უცხოეთში, ამ ეტაპზე კი კონტრაქტების გაფორმება მიმდინარეობს.
იოდიზირებული პროდუქტი მომავალი კვირიდან, როგორც გურიაში ასევე ქალაქ თბილისშიც გაიყიდება. პროდუქციის შეძენა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს თბილისში, „ნატურა თი კომპანი“- საწარმოს ოფისში შეეძლება.

Visited 336 times, 1 visit(s) today