ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი მომავალი თაობისთვის მოტივაციის ამაღლებაა

29/04/2017

ვეტერინარიის მსოფლიო დღის აღსანიშნავად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა. მომავალ ვეტერინარებს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი შეხვდნენ. ნოდარ კერესელიძემ ხაზი გაუსვა ვეტერინარის პროფესიის მნიშვნელობას და აღნიშნა რომ მსოფლიო ორგანიზაციების მიერ დაწესებული პროფესიული დღე საქართველოში მეხუთე წელია აღინიშნება, რაც ხელს უწყობს პროფესიის პოპულარიზაციას.
„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი მომავალი თაობისთვის მოტივაციის ამაღლებაა. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს უმაღლეს სასწავლებლებთან. პროფესიული განვითარების მიზნით, პერიოდულად ვხვდებით სტუდენტებს და ვთავაზობთ პრაქტიკულ სწავლებებს“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
სააგენტოსი და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) წარმომადგენლებმა სტუდენტებს სურსათის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტები და ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროგრამა გააცნეს. ყურადღება გაამახვილდა ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი აქტუალური საკითხია და ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების არამიზნობრივ გამოყენებას გულისხმობს. წელს ვეტერინარიის მსოფლიოს დღის მთავარი თემა ანტიმიკრობული რეზისტენტობაა. ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება აქტუალური და პრობლემურია მსოფლიოს მასშტაბით. ამ კუთხით მსოფლიოს ვეტერინარები მნიშვნელოვანად მიიჩნევენ პროფესიული ცნობიერების ამაღლებას, რათა პრეპარატების არასწორად გამოყენების ფაქტები შემცირდეს.
ღონისძიების ფარგლებში, სურსათის ეროვნულ სააგენტოში სტუდენტებმა დაათვალიერეს შესაბამისი აღჭურვილობა, გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები.
ვეტერინარიის მსოფლიო დღე ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერით ჩატარდა.
ვეტერინარიის მსოფლიო დღე მსოფლიო ვეტერინარიის ასოციაციისა (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ 2000 წელს დაარსდა და, ტრადიციულად, აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0