ჩვენი მზადყოფნა შეხვედრის შესახებ ძალაში რჩება

03/10/2017

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის მზადყოფნა პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ძალაში რჩება.
„ჩვენი მხრიდან შეთავაზება რა თქმა უნდა, ძალაში რჩება. ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ, რომ თუ იქნებოდა ასეთი სურვილი პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენ მას შევხვდებოდით აუცილებლად უმრავლესობის ფორმატში. ასევე, მე პირადად, გამოვხატე მზადყოფნა, რომ მისი სურვილის შემთხვევაში, შევხვდებოდი აუცილებლად საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, ჯერჯერობით, არის დუმილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის უფლებაა და შესაბამისად, ინიციატივაც მის მხარესაა.
„ჩვენ მზადყოფნა გამოვხატეთ. ვეტოს უფლება არის პრეზიდენტის უფლება. შესაბამისად, მან უნდა ჩათვალოს საჭიროდ ეს შეხვედრა. აქ არ არის საუბარი იმაზე, მე ვიზამ, თუ ის იზამს. მისი უფლებაა ვეტოს გამოყენება და შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. მან უნდა შემოგვთავაზოს შეხვედრის ჩატარება, თუ მას მიზანშეწონილად და სწორად მიაჩნია ასეთი შეხვედრის ჩატარება და შედეგზე თუ იქნება ორიენტირებული ასეთი შეხვედრა, მას შეუძლია შემოგვთავაზოს. ჩვენ წინასწარ დავაფიქსირეთ მზადყოფნა შეხვედრის თაობაზე. შესაბამისად, თუ იქნება მისი მხრიდან შემოთავაზება, პასუხი, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენგან იქნება პოზიტიური. შეხვედრა შედგება, უბრალოდ, ჩვენ ველოდებით ასეთ შემოთავაზებას. შემოთავაზება რა თქმა უნდა, უნდა იყოს კონკრეტული, ანუ, უნდა ვიცოდეთ, სად, როდის და რაზე ვხვდებით საქართველოს პრეზიდენტს. თუ იქნება ამის სურვილი და მზადყოფნა, ჩვენი მხრიდან წინასწარ დაფიქსირებულია შესაბამისი პოზიცია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0