ჩვენი მთავარი გრძელვადიანი მიზანია, ჩამოყალიბდეს დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგია

12/06/2017

ირაკლი კობახიძემ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა გააცნო.
„ჩვენი მთავარი გრძელვადიანი მიზანია, ჩამოყალიბდეს დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგია, რომლის საფუძველზეც, საქართველოში, მივაღწევთ თვითმმართველობის განვითარების იმ დონეს, რომელიც დღეს ევროპულ ქვეყნებშია ჩამოყალიბებული“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძესთან ერთად, დიპლომატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით დაგეგმილი ცვლილებები, მმართველი გუნდის ხედვა და გეგმები გააცნო. გაიმართა დისკუსიაც.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, გრძელვადიანი მიზანი დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის ჩამოყალიბებაა. ირაკლი კობახიძის თქმით, შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს ადმინისტრაციულ დაყოფასთან დაკავშირებით.
„ვისაუბრეთ ჩვენს ხედვაზე და გეგმებზე დეცენტრალიზაციის სფეროში. ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები გავაცანით. ჩვენი მთავარი გრძელვადიანი მიზანი გახლავთ ის, რომ ჩამოყალიბდეს დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგია, რომლის საფუძველზეც, საქართველოში, მივაღწევთ თვითმმართველობის განვითარების იმ დონეს, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული განვითარებულ ევროპულ ქვეყნებში. ეს არის მთავარი გრძელვადიანი მიზანი. რაც შეეხება მოკლევადიან ცვლილებებს, მათ შორის, საუბარი გვქონდა, ადმინისტრაციულ დაყოფასთან, კერძოდ, 14 მუნიციპალიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით. აქ შედგა საინტერესო დისკუსია. გავაცანით ჩვენი გეგმები დიპკორპუსის წარმომადგენლებს და რაიმე კითხვები ამ კუთხით არ ყოფილა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა ერთიან ლოგიკას უნდა ეფუძნებოდეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამი წლის წინ გადაწყვეტილება არარაციონალური კომპრომისის საფუძველზე იქნა მიღებული.
„ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა უნდა ეფუძნებოდეს ერთიან ლოგიკას. სამწუხაროდ, ეს ერთიანი ლოგიკა დაირღვა სამი წლის წინ, როცა 14 მუნიციპალიტეტი გაერთიანდა. ჩვენი მიზანი ამ ლოგიკის აღდგენაა. არსებითად, მთლიანი სისტემა ერთ ლოგიკაზეა დაფუძნებული და თავის დროზე, ამის დარღვევას არანაირი საფუძველი არ ჰქონდა. შესაბამისად, ვასწორებთ იმ ერთგვარ ხარვეზს, რომელიც სამი წლის წინ იქნა დაშვებული. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამართული სახით იფუნქციონიროს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემამ.
3 წლის წინ გადაწყვეტილებები კოალიციურ რეჟიმში მიიღებოდა. ეს გადაწყვეტილება ერთგვარი კომპრომისის საფუძველზე იქნა მიღებული. ამ გადაწყვეტილების მიღებაში არსებითად იყო ჩართული ორი სხვადასხვა პარტია. ეს იყო ერთგვარი კომპრომისის შედეგი, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო რაციონალური კომპრომისი. ბუნებრივია, კომპრომისით არ უნდა დაზიანდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაირღვა ის ლოგიკა, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი თვითმმართველობის სისტემა და ჩვენი ამოცანაა ამ ლოგიკის აღდგენა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0