ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის გაძლიერება იმისთვის, რომ თავდაცვისუნარიანობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით მაქსიმალურად ეფექტიანად დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი

21/12/2017

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. რიგგარეშე სესიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო პროგრამა წარადგინა. გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა და თავდაცვის სტრუქტურაში განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა. ლევან იზორიამ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების, საჰაერო თავდაცვის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობების დეტალებზე გაამახვილა ყურადღება. “ვიწყებთ ძალიან ამბიციურ პროგრამას, კერძოდ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მომავალი სამი წლის განმავლობაში 9 ბატალიონის ნატოს სტანდარტებით აღჭურვას და შესაბამის მომზადებას. ეს კიდევ ერთხელ უზრუნველყოფს ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და სრულ თანხვედრაშია ნატოს სტრატეგიულ ამოცანასთან, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ, რომელიც განახლებულ შეკავების პროგრამას უკავშირდება. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყნის გაძლიერება იმისთვის, რომ თავდაცვისუნარიანობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფით მაქსიმალურად ეფექტიანად დავიცვათ ქვეყნის სუვერენიტეტი. ის არ უკავშირდება სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინტერესების განხორციელებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი სიძლიერით მაქსიმალურად შესაძლო აგრესიის ეფექტიან პრევენციას მივაღწიოთ და სწორედ აღნიშნული აღჭურვილობის შეძენა არის ერთ-ერთი კომპონენტი შეკავების ეფექტიანი პოლიტიკის. ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ მომავალ წელს დავასრულებთ ასევე, ანტისაჰაერო სისტემის შეძენას საფრანგეთიდან – ეს იქნება პირველი ფაზა, ხოლო მეორე ფაზა დაიწყება 2019 წლიდან. გვაქვს ძალიან წარმატებული თანამშრომლობა ნატოსთან, განსაკუთრებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით. ჩვენ მომავალში ასევე, გვაქვს სურვილი, რომ გარკვეული ახალი ინიციატივები გაჩნდეს ამ მიმართულებით, გვექნება ინტენსიური ურთიერთობა ასევე შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით მომავალ წელს. ჩვენ ასევე მაქსიმალურად გავაძლიერებთ თანამშრომლობას იმ თვალსაზრისით, რომ შედგეს კიდევ ერთხელ ნატო-საქართველოს წვრთნები. ეს ყველაფერი მიმართულია რეგიონში, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებასთან და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან” – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიამდე საქართველოს მთვრობის წევრებმა შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებს საკუთარი უწყების დეტალური ანგარიში წარუდგინეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0