ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა და რეაგირება მოჰყვეს ამ საკითხს

05/10/2017

“ჩვენი პირველი და უმთავრესი თხოვნა იყო, რომ მხარი დაგვიჭირონ და მაქსიმალური რეაგირება გააკეთონ ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიც არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროვოკაციები, განსაკუთრებით ერედვში რაც მოხდა, ის ნგრევა, რაც იწვევს, პრაქტიკულად, ეთნიკური წმენდის გაგრძელებას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო მხარდაჭერა და რეაგირება მოჰყვეს ამ საკითხს”-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული შეხვედრების შემდეგ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 3-4 ოქტომბერს, სახელმწიფო მინისტრი კონგრესმენებს – პოლ კუკს, მაიკლ ტერნერს და ტედ დოიჩსს, აგრეთვე, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს კურტ ვოლკერს, ბრუკინგსის ინსტიტუტის აშშ-სა და ევროპის ცენტრის დირექტორს თომას რაიტს შეხვდა, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო ქ. ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ბაიდენის ცენტრში გამართულ დისკუსიაში.
შეხვედრებზე ისაუბრეს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის, აგრეთვე, დაგეგმილი სამიტებისთვის მზადების საკითხებსა და მოლოდინებზე. განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება
„ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის უმნიშვენლოვანესი ჩვენი ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით, ერთი მხრივ, ჩვენ ვმუშაობთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებისთვის, მეორე მხრივ, კი გვაქვს უდიდესი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის. სწორედ ამ მიმართულებებით არის მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია“- აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0