ჩვენი მიზანია, რომ არცერთი ფერმერი არ დაგვრჩეს უყურადღებოდ

11/02/2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში შპს „საქართველოს მელიორაციის“ ბოლნისი-მაშავერას სერვის ცენტრის დირექტორთან გენადი გაბიძაშვილთან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანმა, საკრებულოს დეპუტატებმა და ადგილობრივმა ფერმერებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა რწყვის სეზონთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა ხელმძღვანელებსა და ადგილობრივ ფერმერებს წყალსაცავებში არსებულ მდგომარეობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათი თქმით, დმანისში მდებარე ოთხი წყალსაცავი რეაბილიტირებულია და ნალექის არსებობის შემთხვევაში ბოლნისელ ფერმერებს რწყვის სეზონზე სარწყავი წყალი მაქსიმალურად რაციონალურად მიეწოდებათ. გარსდა ამისა, მიმდინარე წელს საქართველოს მელიორაციას ბოლნისში არსებული რამდენიმე არხის გაწმენდა-რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი.

„დღეს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ შევქმნათ მონიტორნინგის ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტდება მელიორაციის წარმომადგენლებითა და ადგილობრივი ფერმერებით. ეს ჯგუფები სარწყავ სეზონზე სარწყავი წყლის რაციონალურად მოხმარებას მაქსიმალურად გაუწევენ კონტროლს. ჩვენი მიზანია, რომ არცერთი ფერმერი არ დაგვრჩეს უყურადღებოდ და ადამიანებმა, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სფეროში დიდ შრომას დებენ, მაქსიმალური მოგება მიიღონ. მოგეხსენებათ, ჩვენი მუნიციპალიტეტის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა, ამიტომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება ერთობლივი ძალებით ვცდილობთ ჩვენს ფერმერებს აქტიურად დავეხმაროთ. იმედია, კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს და მუნიციპალიტეტში რწყვის სეზონი ნაყოფიერად ჩაივლის“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0