ჩვენი სახელმწიფო იცავს საკუთარ მოქალაქეებს

23/01/2017

ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, ელენე ხოშტარიამ უკრაინაში დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ცერცვაძესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და კოლეგებს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა. ელენე ხოშტარიას მიაჩნია, რომ საჭირო ინფორმაციის მისაღებად, მიზანშეწონილია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა და იუსტიციის მინისტრები მოიწვიონ. საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, საკითხთან მიმართებაში, ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით კი, საპარლამენტო უმცირესობა საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, იგი უკვე დაუკავშირდა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, ვისგანაც შესაბამისი ინფორმაცია მიიღო.
„ჩვენი სახელმწიფო იცავს საკუთარ მოქალაქეებს, ასე, რომ სახელმწიფო გააგრძელებს მუშაობას და ზრუნვას, რომ უკანონოდ და უსაფუძვლოდ არ მოხდეს ამ ადამიანის დაკავება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და კოლეგებს მოუწოდა, საკითხის პოლიტიზირების ნაცვლად, კონკრეტული ადამიანის ბედით დაინტერესდნენ. რაც შეეხება პარლამენტში მინისტრების მოწვევის საკითხს, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს საკითხი პარლამენტის რეგლამენტით არის განსაზღვრული და პროცედურებიც შესაბამისად უნდა წარიმართოს „ჩვენ გვაქვს რეგლამენტი, საქართველოს პარლამენტი მუშაობს რეგლამენტის შესაბამისად და რეგლამენტის შესაბამისად წარიმართება პროცედურები. მათ შორის ის, თუ როგორ უნდა მოვიწვიოთ ჩვენ მინისტრი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, განისაზღვრება რეგლამენტით. აქ არის დაყენებული მოთხოვნა, რომელიც არ შეესაბამება რეგლამენტით დადგენილ პროცედურებს, არ შედის ბიუროს კომპეტენციაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აქვე აღნიშნა, რომ „ზუსტად ისევე გვადარდებს ჩვენ ჩვენი თანამემამულის ბედი, როგორც თითოეულ თქვენგანს. ჩვენ ვართ აქ საქართველოს პარლამენტის წევრები, განვასახიერებთ საკანონმდებლო ორგანოს, ხალხის მანდატი გვაქვს მონიჭებული და ჩვენი მანდატის ერთ-ერთი უმთავრესი მისია მდგომარეობს იმაში, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე მაქსიმალურად დავიცვათ, მით უმეტეს, იმ მდგომარეობაში, რაზეც ახლა ვსაუბრობთ. ეს არის ჩვენი ინტერესი. მაგრამ კიდევ ერთხელ – ბიუროს აქვს თავისი ფუნქცია. მინისტრის მოწვევას კი აქვს თავისი წესი, მათ შორის, თქვენც გაქვთ უფლებამოსილება, რომ მოიწვიოთ მინისტრი. ჩვენი პოზიცია და სურვილი არის ის, რომ მაქსიმალურად იყოს საკითხი შესწავლილი და მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი თანამოქალაქის ინტერესები. ეს არის პოზიცია და სურვილი. დანარჩენი უნდა წარიმართოს რეგლამენტის და პროცედურის შესაბამისად და ამასთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ „ბიუროს სხდომის დასრულებისთანავე, შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით, ნებისმიერ ფორმატში გავაგრძელოთ კონსულტაციები“. ამის შემდეგ ბიურომ დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებზე იმსჯელა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი კანდიდატების (იგორ კოპალიანი, ამირან ზენაიშვილი, შოთა ქადაგიძე, ცისმარ ონიანი, მარიამ ცისკაძე, გრიგოლ გაგნიძე) სია თანდართულ საბუთებთან ერთად და კომიტეტის დასკვნა განსახილველად გადაეცემა ფრაქციებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად გადაეცა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ასარჩევად მანანა კობახიძის კანდიდტურის წარდგენის შესახებ. ბიურომ, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის საფუძველზე, დაარეგისტრირა ორი ფრაქცია: „ნაციონალური მოძრაობა“ ექვსი წევრის შემადგენლობით და „ქართული ოცნება – მწვანეები“. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა რომან გოცირიძე, ფრაქციის წევრები: ნიკანორ მელია, აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი, თინათინ ბოკუჩავა. ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძეა, ფრაქციაში ერთიანდებიან – ზაზა გაბუნია, ირაკლი აბუსერიძე, დიმიტრი მხეიძე, გიორგი ბეგაძე და სამველ მამუკიანი. საპარლამენტო უმცირესობამ 8 თებერვალს პოლიტიკური დებატების დანიშვნა მოითხოვა სახელმწიფოსა და „გაზპრომს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თუმცა რეგლამენტის თანახმად, პოლიტიკური დებატების დანიშვნის თაობაზე პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უნდა იმსჯელოს და იქ მიიღოს გადაწყვეტილება. ბიურომ ცნობად მიიღო პარლამენტის წევრის სიმონ ნოზაძის უზბეკეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკებში ვიზიტის ანგარიში. ბიურომ დაამტკიცა ხაზინარდართა საბჭოს გადაწყვეტილებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0