ჩვენი შეხედულების გამოხატვით ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს რა შინაარსით უნდა დაიწეროს საქართველოს კონსტიტუცია

20/03/2017

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში თბილისში ახალგაზრდებს შეხვდა, რომელიც სამაუწყებლო კომპანია „არტ არეას“ ორგანიზებით გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა, რომელიც განათლების ხელმისაწვდომობას, ქვეყნის ნარკოპოლიტიკას, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის საკითხს, საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ვეტოს ინსტრუმენტის სრულყოფას და სხვა საკითხებს შეეხებოდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვისა და კონსტიტუციის საკითხებისადმი დისკუსიის გახსნისაკენ მოუწოდა.
„ჩვენ უნდა შევქმნათ თავისუფალი საზოგადოება. როდესაც ჩვენ ვამბობთ როგორ საზოგადოებაში უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ თითოეულ მოქალაქეს, ვაღიარებთ თითოეული მოქალაქის უფლებას ჰქონდეს თავისი აზრი. და რატომ ვაღიარებთ თითოეული მოქალაქის უფლებას ჰქონდეს თავისი აზრი? იმიტომ რომ თავისუფლება არამარტო საკუთარი თავისთვის რაღაც უფლების მინიჭებას ნიშნავს, არამედ თავისუფლება სხვის თავისუფლების აღიარებასაც ნიშნავს…
ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი დისკურსი, რომელშიც ჩვენი აზრები გარკვეულ შეთანხმებაში მოვა ერთმანეთთან. აი ეს არის კონსტიტუციური პროცესი, რომელშიც ჩართული უნდა იყოს საზოგადოება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული ჩვენთაგანი გამართულ ფრაზას ჩაწერს კონსტიტუციაში. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს უფლება ხმა მიაწვდინოს გადაწყვეტილების მიმღებლებს იმ იმედების, იმ შეხედულებების თაობაზე, რომლებიც ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს როგორც საზოგადოებას.
კონსტიტუციაზე შეკვეთის მიცემა მდგომარეობს სულისკვეთების გამოხატვაში. კონსტიტუციის სულისკვეთება, რომელიც ნიშნავს რაღაცა უფრო მეტს, ვიდრე კონკრეტულ სიტყვებს, კონკრეტულ ფრაზებს კონსიტუტციაში.
მიმაჩნია, რომ როდესაც კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა მიმდინარეობს, ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს იმის გათვალისწინებით, რომ მათი აზრი სავალდებულოდ გათვალისწინებული არ იქნება. მაგრამ მათი აზრი იქნება მიღებული, მოსმენილი და შესაძლოა სხვათა აზრთან ჭიდილში რაღაცა თანხმობამდე მივიდეთ. ეს არის კონსტიტუციონალიზმის დისკურსი, ეს არის თავისუფლების განხორციელება, როგორც მოქალაქეთა თავისუფლების განხორციელება.
აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ჩვენი შეხედულების გამოხატვით, ჩვენ ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც ახლა ფიქრობს თუ რა ფორმით და რა შინაარსით უნდა დაიწეროს, გადაიწეროს ფუნდამენტურად საქართველოს კონსტიტუცია.
იმიტომ რომ როდესაც ისინი ამა თუ იმ პოსტულატს ქმნიან, მათი შინაარსი, მათი აზროვნების შინაარსი უნდა იყოს მიმართული ჩვენი შეკვეთის მიმართ. ისინი უნდა ფიქრობდნენ, აი ამ საკითხთან დაკავშირებით რას გვიკვეთავს ქართული საოზგადოება, რას გვიკვეთავს ქართველი ხალხი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0