ჩვენს ქვეყანას აღარ სჭირდება დაპირისპირება და სიძულვილი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჩვენს ქვეყანას აღარ სჭირდება დაპირისპირება და სიძულვილი; ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სისწრაფე განვითარებაში; სწორედ ამის პირობას და გარანტიას ვიძლევით, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტის მოსახლეობას.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ახმეტელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წარუდგინა და იუბილარ კანდიდატს დაბადების დღე მიულოცა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს უმთავრესი ამოცანაა, არც ერთი წუთი აღარ გაცდეს და სწრაფი ნაბიჯებით ყველა ოჯახში მივიდეს კეთილდღეობა.
„დავასრულოთ დაპირისპირება, გავერთიანდეთ მომავლის ხედვით, სიყვარულით, მთელი საზოგადოება ერთ მუშტად შევიკრათ და გავაკეთოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. დღეს ამ თვალსაზრისით „ქართული ოცნება“ უალტერნატივოა. გავერთიანდეთ, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი, ჩვენი მოხუცების უკეთესი სიბერე და ყველა ჩვენგანის შესაძლებლობების რეალიზაცია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, დღეს უკვე ჩაყრილია საფუძველი, რათა ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ეს აუცილებლად მიიღწევა.
გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე, ასევე ადგილობრივი წარმოების განვითარების მნიშვნელობაზე და გამოყო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებში, ახალი საწარმოს შექმნის ყველა მსურველს, სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად გადაეცემა, ხოლო სახელმწიფო 50%-იან გარანტიაში შედის კომერციულ ბანკთან, რათა მსესხებელს – ახალ მეწარმეს გირაო გაუმარტივოს.

„ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ყველამ ვიგრძნოთ შედეგი იმისა, რისი საფუძველიც ერთად ჩავყარეთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, სტაბილურობის გარეშე სამომავლო გეგმებზე საუბარი შეუძლებელია.
„გონივრული საგარეო პოლიტიკით შევძელით დასავლეთთან კიდევ უფრო დაახლოება და ავიცილეთ საფრთხეები რუსეთთან მიმართებაში. შემდგომი ნაბიჯია საუბარი ურთიერთობების ნორმალიზაციაზე, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხებში კომპრომისი ვერ იქნება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, განათლების სისტემაში, მმართველობასა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაში ფუნდამენტურ ცვლილებებს გულისხმობს.
გიორგი კვირიკაშვილი რეგიონის ტურისტულ და სატრანზიტო პოტენციალსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მთავრობას ამ მიმართულებით, ძალიან საინტერესო გეგმები აქვს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება თუშეთის ტურისტული პოტენციალის განვითარებისა და მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების მშენებლობის მხრივაც.

ჩვენ უნდა დავამშვიდოთ საზოგადოება, აღარ უნდა იყოს კონფრონტაცია, ერთმანეთთან დაპირისპირება; შეიძლება, ყველა ერთ აზრზე არ ვიყოთ, მაგრამ უნდა არსებობდეს სულისკვეთება საზოგადოებაში, რომ ყველანი ერთად ერთ სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყვარელში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც ყვარლისა და თელავის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“, ირაკლი სესიაშვილი წარადგინა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყვარელი არის საქართველოს მარგალიტი, უმშვენიერესი ადგილი, რომელსაც ყოველთვის გამორჩეული ინტელიგენცია ჰყავდა.
გიორგი კვირიკაშვილმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს პედაგოგი უფრო დაფასებულია, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მთიან რეგიონებს, არსებობს „მთის კანონი“, რომლის მიხედვითაც პედაგოგები, ექიმები, ექთნები და კერძო სექტორის წარმომადგენლები შეღავათებით სარგებლობენ.
„დღეს ჩაყრილია საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოში ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ ვმოგზაურობთ საქართველოს ყველა რეგიონში, ვხვდებით ადამიანებს და ჩანს რამხელა განსხვავებაა ქალაქსა და სოფელს შორის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეგიონებში, რაიონებში, სოფლებში იყოს ყველა ინფრასტრუქტურა და ცხოვრების ის კომპონენტები, რომელიც პრაქტიკულად მოშლის განსხვავებას. რა თქმა უნდა, ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავება იქნება, მაგრამ ინფრასტრუქტურულად, ყველაფერი ის, რაც არის ქალაქში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი სოფლად. ჩვენ წამოვიწყეთ უპრეცედენტოდ ამბიციური პროექტი, რომ საქართველოს 2000 დასახლებულ პუნქტში მივიდეს ოპტიკურ-ბოჭკოვანი, სწრაფი ინტერნეტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უპირველეს ყოვლისა, განათლების სისტემისთვის, როდესაც შესაძლებელი გახდება სოფლის სკოლებში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, ტელეხიდების მეშვეობით, სასწავლო გაკვეთილების ჩატარება. ეს ყველაფერი რეალობაა, დაწყებულია და გვაქვს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი გეგმა, რომლის მიხედვითაც, არჩევნების მეორე დღიდან ოთხი წლის თავზე, ჩვენ თვისობრივად ახალი საქართველო უნდა მივიღოთ – საქართველო, რომელშიც იქნება თვისობრივად განსხვავებული განათლების სისტემა, როდესაც პედაგოგი იქნება კიდევ უფრო დაფასებული. ნამდვილად დაიმსახურეს ჩვენმა პედაგოგებმა, რომ ჩვენ ისინი მუდმივად არ ვატეროროთ გამოცდებით, არამედ აქცენტი გადავიტანოთ კვალიფიკაციის ამაღლებაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდება უმაღლესი განათლების სისტემაში, რათა ახალგაზრდებმა ოთხი წელი არ დახარჯონ იმ სპეციალობებზე, რომლებიც ნაკლებად მოთხოვნადია; არამედ, ყურადღება გამახვილდება და სახელმწიფო რესურსი დაიხარჯება უფრო მოთხოვნად სპეციალობებზე, რათა ადამიანი, უმაღლესი განათლების მიღებისთანავე დასაქმდეს.
„ჩვენ გვექნება პროფესიული გადამზადების პროგრამები არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ყველასთვის. ჩვენ არც ერთი ადამიანის რესურსი არ უნდა დავკარგოთ, არც ახალგაზრდის, არც შუახნის ადამიანების და არც ხნიერების“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, მთავრობას ასევე კონკრეტული გეგმა აქვს, როგორ უნდა შეუწყოს ხელი კერძო სექტორს. გიორგი კვირიკაშვილმა გამოყო მცირე სასტუმროების წასახალისებელი პროგრამა – „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება.
პრემიერმა აღნიშნა, რომ პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი აღარ იქნება, თუ მოგებული თანხა ბიზნესში ჩაბრუნდება; ასევე, 2017 წლის ბოლოდან ამოქმედდება თვისობრივად განსხვავებული საპენსიო სისტემა, ხოლო არსებული პენსიონრების უზრუნველყოფას, მთავრობა ეკონომიკურ ზრდას შეუსაბამებს.

ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით ვაპირებთ სიარულს; ჩვენი საზოგადოება ამ დაპირისპირებას, ერთმანეთის ლანძღვა-გინებას და კონფრონტაციას ვეღარ აიტანს, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლაგოდეხის მოსახლეობას, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურამ მაჭარაშვილი წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარია, დასრულდეს სიძულვილი და საფუძველი ჩაეყაროს ნორმალურ ურთიერთობებს.
„ჩვენ არ ვართ სიძულვილის ხალხი, ჩვენ ხომ ადამიანის მოყვარული ერი ვართ. ჩვენ ხომ დღემდე მხოლოდ ერთიანობით მოგვიტანია თავი. მაშ, რა დაგვემართა ამ ბოლო დროს, რა ვირუსი ჩაისახა ასეთი, რომ ვეღარ დავძლიოთ ერთმანეთის სიძულვილი. ნუთუ არ შეიძლება, ადამიანებმა ნორმალურად ისაუბრონ, არგუმენტებით იპაექრონ და არ იყოს ერთმანეთის პიროვნული შეურაცხყოფა. ჩვენ ხომ, გარდა იმისა, რომ ევროპელები ვართ, კავკასიელები ვართ და ჩვენთვის პიროვნული შეურაცხყოფა ძალიან მძიმეა. ჩვენ ყოველ საღამოს ჩვენს ოჯახებთან უნდა მივიდეთ და ჩვენს ბავშვებს ჩავხედოთ თვალებში. სწორედ ამიტომ, გვინდა, სხვებს მივცეთ მაგალითი, რომ ასეთი სტილის პოლიტიკა საქართველოში უნდა დასრულდეს. უნდა დასრულდეს პოლიტიკა, როდესაც ადამიანის ღირსება არაფრად ღირს. ჩვენ განვითარების ისეთი დინამიკა უნდა შევქმნათ, ისე გავაფერადოთ და ავაგუგუნოთ ჩვენი ქვეყანა, რომ არც ერთი ადამიანის ზურგზე არ გადავიაროთ, რადგან არც ერთი გზა და ესტაკადა არ ღირს არც ერთი დაჩაგრული ადამიანის შვილის ცრემლად. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი და უზენაესი, რის გარშემოც ვერთიანდებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახლა საჭიროა სწრაფი განვითარება იმისთვის, რომ თითოეულ ოჯახში მივიდეს სიკეთე და კეთილდღეობა, თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს ქვეყანაში განვითარების პროცესი.
მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ოთხი წლის თავზე, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, თვისობრივად ახალ საქართველოს მივიღებთ.
„ჩვენთვის მთავარია, დავასრულოთ სიძულვილი და საფუძველი ჩავუყაროთ ნორმალურ ურთიერთობებს, ნორმალურ პოლიტიკას. თუნდაც, ავიღოთ მეზობლებთან მიმართებაში – დიახ, ჩვენ გვაქვს უმწვავესი პრობლემები, ოკუპაციის პრობლემა, ათასობით ადამიანი დაიღუპა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობის წინაშე, არ გვაქვს არანაირი მორალური უფლება, ჩვენს ემოციებს გადავაყოლოთ მათი მომავალი. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ჩვენ უნდა დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და უზრუნველვყოთ, რომ თავიდან ავიცილოთ უარესი მომავალში, თავიდან ავიცილოთ რისკები. ჩვენ უნდა შევქმნათ სტაბილური, მშვიდი მომავლის პერსპექტივა, რათა ადამიანები, დილით გაღვიძების შემდეგ, საუზმის დროს არ უყურებდნენ წინა საღამოს პოლიტიკურ თოქ-შოუს, თუ როგორ ჭამენ ადამიანები ერთმანეთს, არამედ ფიქრობდნენ იმაზე, რა გააკეთონ საკუთარი ოჯახისთვის, საკუთარი ქვეყნისთვის და უკეთესი მომავლისთვის. ასეთი ადამიანები ვართ ჩვენ და ასეთი საქართველო გვინდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს ქვეყანა, სადაც ადამიანებს უსამართლოდ არ ჩაგრავენ, სადაც უკეთესი ქვეყანა შენდება ისე, რომ მოქალაქეების ღირსება არ ილახება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე. მისი შეფასებით, დღეს უპრეცედენტოდ დიდი ყურადღება ეთმობა მცირემიწიან ფერმერთა დახმარებას საგაზაფხულო ხვნა-თესვაში, არსებობს გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები, მრავალწლიანი ნარგავების გაშენების სპეციალური პროგრამა – „დანერგე მომავალი“, კოოპერატივების წახალისების პროგრამა.
„კოოპერატივი ძვირფასია ჩვენთვის, რადგან კოოპერაცია გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ინარჩუნებენ თავიანთ საკუთრებას და ერთიანი სახელმწიფო პროგრამის ქვეშ ხდება სასოფლო-სამეურნეო წარმოების გამსხვილება ისე, რომ არც ერთი ადამიანი არ კარგავს საკუთრებას თავის მიწასა და ქონებაზე. ამ მიდგომის შედეგად, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ჩავუყარეთ ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ორი დღის წინ, მე შევხვდი 150 სრულიად ახალ ფერმერს, რომლებმაც ამ პროგრამების შედეგად შექმნეს ახალი სასოფლო-სამეურნეო წარმოებები. ვიღაცეები იკითხავენ, სად არის ქარხნები, საიდანაც ბოლი ამოდისო. ძალიან მნიშვნელოვანია და არაფრით ნაკლებია მეცხოველეობის ფერმა, ყველის ახალი საწარმო და ა.შ. 150 ასეთი ადამიანი, ზოგიერთი – მსხვილი, ზოგიერთი წვრილი ფერმერი საუბრობდა იმაზე, როგორ დაიწყეს ნულიდან ახალი ცხოვრება, შექმნეს ახალი საწარმო და როგორ უზრუნველყოფენ არა მხოლოდ თავიანთ ოჯახებს, არამედ ასაქმებენ ათობით და ასობით ადამიანს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ეს არის ის საფუძველი, რომელიც მთავრობის ოთხპუნქტიან სამოქმედო გეგმასთან ერთად, დღეიდან ოთხი წლის თავზე თვისობრივად განსხვავებულ ქვეყანას შექმნის.

Visited 190 times, 1 visit(s) today