ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი ეკონომიკური და სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად

01/04/2023

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ერთად, საქართველო – უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეგობრობა დაფუძნებულია მრავალწლიან ურთიერთობებზე და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი სხდომა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი ქვეყნების ეკონომიკური პროგრესის, ინოვაციების დანერგვისა და წინსვლის კუთხით. ამ ყველაფრის მიღწევა კი მხოლოდ მშვიდობის და სტაბილურობის პირობებშია შესაძლებელი. არსებული გამოწვევების ფონზე, ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ გასაკეთებელი ეკონომიკური და სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ის ასპექტები, რომელმაც კიდევ უფრო დინამიური უნდა გახადოს საქართველო-უზბეკეთს შორის მრავალი მიმართულებით არსებული ინტერაქცია“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-9 სხდომის ფარგლებში გაფორმდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მათ შორის ორმხრივი ოქმი „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უზბეკეთის რესპუბლიკის გაწევრიანების ფარგლებში, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შესახებ“. ასევე, ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური რეგულირების, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.” საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის მუშაობაში, ლევან დავითაშვილთან ერთად, ქართულ დელეგაციაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები – გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0