ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას ჩვენი მიზნის განხორციელებაში – რაც გულისხმობს ევროკავშირთან მაქსიმალურ დაახლოებას და საბოლოოდ მის წევრობას

17/11/2017

ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის დეპუტატთა აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშის მიღებას გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტარებს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა ამ ანგარიშის მიღების განსაკუთრებულ მნიშვნელობას “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტის წინ.
მისი შეფასებით, ანგარიში ცხადყოფს ევროპის პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიმართ, არსებულ დიდ მხარდაჭერას, რომელიც სცილდება მხოლოდ პარტნიორობის ფორმატებს და ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა აახლოებს მის საბოლოო მიზანთან – შეუერთდეს დიდ ევროპულ ოჯახს: “ევროპული პილიტიკური ჯგუფების მხრიდან მსგავსი მტკიცე და ხმამაღალი პოლიტიკური მხარდაჭერით, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას ჩვენი მიზნის განხორციელებაში – რაც გულისხმობს ევროკავშირთან მაქსიმალურ დაახლოებას და საბოლოოდ მის წევრობას. ჩვენ მოველით, რომ ის იდეები და ინიციატივები, რომელიც მოხსენებაში იქნა გაცხადებული შემდგომ უკვე პრაქტიკულად იქნება განხილული, როგორც ევროკომისიის, ასევე ევროკავშირის საბჭოს დონეზე და იქნება მხარდაჭერილი მთლიანად ევროკავშირის მხრიდან“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
ევროპარლამენტმა 2017 წლის 15 ნოემბერს მხარი დაუჭირა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ ანგარიშს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0