ჩვენ ბიზნესს ბიუროკრატიული წნეხისგან გავათავისუფლებთ, – ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა.
პარტიის ლიდერის განცხადებით, ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა ეკონომიკური თვალსაზრისით დგას, რაც, მისივე განცხადებით, არაფორმალურმა მართვამ, ინსტიტუტების გაუმართაობამ, არაკომპეტენტურობამ და გადაწყვეტილების მიღების უუნარობამ გამოიწვია.
”ყველაზე დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის არის ეკონომიკა, რომელიც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში შეგვეძლო ბევრად უფრო უკეთესად, უფრო ყაირათიანად და უფრო შემოქმედებითად, გაგვევითარებინა, შეგვექმნა სამუშაო ადგილები. მე პირადად ამის იმედი მქონდა, როდესაც შევცვალეთ წინა ხელისუფლება. სამწუხაროდ, ქვეყნის არაფორმალურმა მართვამ, ინსტიტუტების გაუმართაობამ, არაკომპეტენტურობამ და ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების უუნარობამ ჩვენი ეკონომიკა, ისევე როგორც ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წაიყვანა.
ჩვენ ყველას ასეთი განცდა გვაქვს, თითქოს ერთ ადგილს ვტკეპნით, თითქოს ტელევიზიებით გვესმის, რომ სამუშაო ადგილები იქმნება, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. მითხარით ადამიანები, რომლებმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში დასაქმების რეალური შესაძლებლობა მიიღო. ჩვენ, ”თავისუფალი დემოკრატები” გპირდებით, რომ შევქმნით საშუალო ფენას, ამას სჭირდება კარგად გათვლილი, გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც არ არსებობდა. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას. ჩვენ ბიზნესს გავათავისუფლებთ ბიუროკრატიული წნეხისგან”,- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.