ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპული კონსტიტუციონალიზმის საუკეთესო პრაქტიკასთან

19/09/2017

„ჩვენი მიზანი იყო საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპებთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და საქართველოს პარლამენტმა მოახერხა ამ მიზნის მიღწევა. ეს არის ისტორიული მიღწევა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის მე-5 შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. მისი განაცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო და მმართველი გუნდი ამ დაპირების შესაბამისად მოქმედებს.
„პროცესი გასული წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა. გადავწყვიტეთ, რომ შედეგის მისაღწევად, პროცესი უნდა ყოფილიყო ძალიან მაღალი მონაწილეობის და ჩართულობის საფუძველზე. ამიტომაც შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2016 წლის დეკემბერში. ეს იყო „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება, რომ გაუმჯობესებულიყო კონსტიტუცია. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც მმართველმა პარტიამ მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნების წინ მისცა და ჩვენ ვმოქმედებთ ამ დანაპირების შესაბამისად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, კომისიის 73 წევრიდან, მუშაობის პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული გამონაკლისის – პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია აქტიურად თანამშრომლობდა ვენეციის კომისიასთან.
„ ჩვენ გავაკეთეთ ძალიან უნიკალური განაცხადი – საქართველოს პარლამენტი არ მიიღებდა არცერთ ნორმას, რომელსაც უარყოფითად შეაფასებდა ვენეციის კომისია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვასრულებთ ამ დაპირებას და არ ვაპირებთ მივიღოთ არცერთი ნორმა, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან ნეგატიურ შეფასებას მიიღებს. ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა ვენეციის კომისიასთან და კვლავ ვაგრძელებთ აქტიურ თანამშრომლობას საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო პროცესის დასასრულს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მაღალი ხარისხის პროდუქტი მიიღო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად ოპოზიციამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დატოვა. პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კრიტიკის მიზეზი ორი საკითხი – საპარლამენტო არჩევნების სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი იყო.
„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მიღებული დოკუმენტი არის საპარლამენტო მმართველობის სისტემის დახვეწისკენ მიმართული დოკუმენტი პროპორციული საარჩევნო სისტემით. ეს იყო კომისიის მიერ მომზადებული პროდუქტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ გადაწყვიტა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია დაეტოვებინა. კრიტიკის მთავარი საგანი ორი საკითხი იყო: საპარლამენტო არჩევნების სისტემა სამი მთავარი ასპექტით – 5 პროცენტიანი ბარიერის დაწესება პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობაში მიღებული პრაქტიკაა; ერთ-ერთი საკამათო საკითხი იყო ბონუსი.
დასაწყისშივე, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ არ მივიღებდით არცერთ ნორმას, რომელსაც ნეგატიურად შეაფასებდა ვენეციის კომისია. მკაფიოდ ითქვა, რომ თუ ვენეციის კომისია ბონუსის სისტემას უარყოფითად შეაფასებდა, საქართველოს პარლამენტი ამ ნორმას არ მიიღებდა. საბოლოო ჯამში, შეთავაზება იყო ცალსახა – პროპორციული სისტემა, ხუთპროცენტიანი ბარიერით პოლიტიკური პარტიებისთვის, რაც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკასთან. ეს იყო საკამათო საკითხი იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არსებითად ვცვლით საარჩევნო სისტემას მმართველი პარტიის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
კიდევ ერთი საკამათო საკითხი იყო საპრეზიდენტო არჩევნები. როგორც იცით, ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესიდან არაპირდაპირი არჩევნის წესზე. ეს ცვლილება ძალიან პოზიტიურად შეფასდა ვენეციის კომისიის მხრიდან. ამ ცვლილების მთავარი მიზეზია პრეზიდენტის არჩევის წესის შესაბამისობაში მოყვანა პრეზიდენტის ზოგად ფუნქციებსა და კომპეტენციებთან. ამჟამად არსებობს დიდი დისპროპორცია ლეგიტიმაციასა და ფუნქციებს შორის. ეს პრაქტიკაში პრობლემებს ქმნის. შესაბამისად, ჩვენ გვინდოდა, თავიდან აგვერიდებინა ეს პრობლემები, ეს გამოწვევები და ამიტომ ვცვლით პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს არაპირდაპირი არჩევის წესით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვენეციის კომისიის შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან პოზიტიურია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა არა მომდევნო, არამედ 2024 წელს მოხდება.
„ ჩვენ გადავდივართ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე არა მომდევნო წელს – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ეს რომ მომდევნო წელს მომხდარიყო, ამ შემთხვევაში იტყოდნენ, რომ ეს მმართველი პარტიის სუბიექტური ინტერესია. მაგრამ ჩვენ გადავდივართ არაპირდაპირი არჩევის წესზე მხოლოდ 2024 წელს, შვიდი წლის შემდეგ. ასე რომ, ვერავინ იტყვის, რომ ამ ცვლილებასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას სუბიექტური ინტერესები აქვს.
ჩვენ გვსურს ჩამოვაყალიბოთ ძალიან მკაფიო საპარლამენტო სისტემა ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობით. ეს იყო მიზეზი და კიდევ ერთხელ, ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური დოკუმენტი, ძალიან პოზიტიური ცვლილებებით, მაგრამ ამის მიუხედავად, ოპოზიციამ გადაწყვიტა დაეტოვებინა კომისია და პრეზიდენტმაც გადაწყვიტა, პროცესისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა კონსტიტუციური კანონის პროექტის შინაარსზეც და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ცვლილება ძლიერ პარლამენტს ეხება.
„ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის თანახმად, პარლამენტი უკიდურესად სუსტია. განსაკუთრებით უნდა გაგვეძლიერებინა მთავრობის პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების დონე პარლამენტის წინაშე. 2010 წელს ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ მოქმედი დოკუმენტი არ არის შესაბამისობაში ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპთან. და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ პარლამენტი უკიდურესად სუსტია და მთავრობა – ძლიერი. მთავრობის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე უკიდურესად დაბალია.
ჩვენ გავაძლიერეთ პარლამენტის როლი ამ სისტემაში, გავაუმჯობესეთ მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის პროცედურები პარლამენტის წინაშე, მათ შორის, უნდობლობის გამოცხადების ვოტუმი, ასევე, პრემიერ მინისტრის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე, არის საკმაოდ ბევრი ცვლილება, რომელიც აძლიერებს პარლამენტს და უზრუნველყოფს შესაბამის ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების სისტემას“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, ძლიერდება ოპოზიციაც. „ ერთ-ერთი მექანიზმი არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ასევე, არის სხვა ცვლილებებიც, მაგალითად, ოპოზიციას შეეძლება საგამოძიებო კომისიების შექმნა. ახლა ეს არის უმრავლესობის პრივილეგია და საკონსტიტუციო ცვლილებებით, ეს საპარლამენტო უმცირესობის პრივილეგიაც გახდება“,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, მკაფიოდ იმიჯნება ფუნქციები და კომპეტენციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. გარდა ამისა, კონსტიტუციური კანონის პროექტი სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ცვლილებად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა დაასახელა და აღნიშნა, რომ მოქმედი სისტემის შეცვლა ვერცერთმა წინა მთავრობამ ვერ მოახერხა. ირაკლი კობახიძის თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდება.
„ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ცვლილება უკავშირდება პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ვერცერთმა წინა მთავრობამ ვერ მოახერხა, შეეცვალა ეს სისტემა, რადგან ეს ყოველთვის იყო მმართველი პარტიების სუბიექტურ ინტერესებში და ჩვენ გვქონდა უარყოფითი გამოცდილება საპარლამენტო არჩევნების შერეულ სისტემასთან. რამდენჯერმე მოხდა, რომ სხვადასხვა მთავრობამ შეძლო, მოეპოვებინა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ორჯერ მოხდა, რომ ამ მთავრობებმა ცუდად გამოიყენეს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ჩამოაყალიბეს ნახევრად ავტორიტარული ან ავტორიტარული მმართველობა.
ახლა ჩვენ ვდგამთ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯს და გადავდივართ შერეული არჩევნების სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე. სამწუხაროდ, შეუძლებელი იყო ამ ცვლილების წარმოდგენა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის, მაგრამ ამ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის შემდეგ მოხდება. ამაზე საპარლამენტო უმრავლესობაში წინააღმდეგობები იყო. გვაქვს 116 მანდატი, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის გვჭირდება 113 ხმა. თუმცა გვყავს 73 მაჟორიტარი და მათი უმრავლესობა მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს არ უჭერს. ამიტომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის არჩევნების შემდეგ გადაწყდა.
ერთადერთი შესაძლებლობა იყო – იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებებს მხარს დაუჭერდა საპარლამენტო უმცირესობა, მაშინ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა შესაძლებელი იქნებოდა 2020 წლისთვის. გვქონდა კონსულტაციები უმცირესობის ლიდერებთან, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის შემდეგ, მაგრამ მათ თქვეს, რომ ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდნენ. საბოლოოდ, ერთადერთი გამოსავალი იყო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. საქართველოში პირველად ხდება, რომ მთავრობა დგამს კონკრეტულ ნაბიჯს პროპორციული სისტემისკენ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვენეციის კომისია დოკუმენტს პოზიტიურად აფასებს. მისივე განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ვენეციის კომისიის 23 რეკომენდაციიდან 20 გაითვალისწინა. რაც შეეხება დარჩენილ სამ რეკომენდაციას, ირაკლი კობახიძის განმარტებით, აღნიშნული რეკომენდაციები ტექნიკური ხასიათისაა.
“ჩვენ ვიღებთ ევროპული ტიპის კონსტიტუციას, ძალიან კარგი საპარლამენტო სისტემით, პროპორციული საარჩევნო სისტემით. ჩვენ უკვე მივიღეთ მოსაზრება ვენეციის კომისიისგან. მათ გამოთქვეს 23 რეკომენდაცია, რომელთაგან 20 გავითვალისწინეთ. რაც შეეხება დარჩენილ სამ რეკომენდაციას, ისინი არსებითი ხასიათის არ იყო, უფრო მეტად – ტექნიკური ბუნების იყო. გვწამს, რომ ამ საკითხების არ გათვალისწინება არ მოახდენს გავლენას დოკუმენტის საბოლოო შეფასებაზე.
საბოლოო ჯამში, ვენეციის კომისიის მხრიდან ძალიან პოზიტიური შეფასება გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიისგან საბოლოო შეფასება მიღებული გვაქვს, ჩვენ მათ ვთხოვეთ, კიდევ ერთი მოსაზრება მოგვაწოდონ პროცესის დასასრულს, რათა გვქონდეს მოსაზრებები უკვე მიღებულ დოკუმენტზე. ახლა ველოდებით მეორე საბოლოო მოსაზრებას ვენეციის კომისიისგან. ის საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელობას ამ კვირის პარასკევს გამოეგზავნება და ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე 6 ოქტომბერს იქნება მიღებული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტი მიიღებს ისეთ კონსტიტუციას, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპული კონსტიტუციონალიზმის საუკეთესო პრაქტიკასთან.
„ამჟამინდელი კონსტიტუცია არ არის შესაბამისობაში კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან, რასაც ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაც მოწმობს. ჩვენ მიზანი იყო საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობაში მოყვანა ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების პრინციპებთან და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ და საქართველოს პარლამენტმა მოახერხა ამ მიზნის მიღწევა. ეს არის საქართველოს პარლამენტის ისტორიული მიღწევა. საბოლოოდ, ჩვენ გვექნება კონსტიტუცია, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება არა მხოლოდ ფორმალურ იურიდიულ პრინციპებთან, არამედ შესაბამისობაში იქნება ევროპულ კონსტიტუციონალიზმის საუკეთესო პრაქტიკასთან“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0