ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი საზღვარგარეთ

19/02/2018

„2017 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით. წელს ჩვენ პირველად შევიმუშავეთ კომპლექსური სტრატეგია დიასპორის პოლიტიკის მიმართულებით. პროგრამა, რომელიც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის და დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავდა, მაქსიმალურად გამოხატავს და ითვალისწინებს ყველას ხედვას და ინტერესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ უკვე გვაქვს აღნიშნული სტრატეგიის შესაბამისი კონკრეტული პროექტები განსაზღვრული ბიუჯეტით და ჩვენი პრიორიტეტია მათი განხორციელება,“ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ერთ-ერთ პრიორიტეტად ქართული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს აღმშენებლობის პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფა და მეტი შეხების წერტილების შესაძლებლობის შექმნა დაასახელა: „ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი საზღვარგარეთ. მათ აქვთ სურვილი მიიღონ მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში. წელს ჩვენი მიზანია გამოვძებნოთ ისეთი პროექტები და შევქმნათ შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ სურვილის – დაეხმარონ სამშობლოს და მიიღონ მონაწილოება ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო პროცესებში“, აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს განათლების და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროებთან ერთად კონკრეტული პროექტების განხორცილებაზე.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, დიასპორის ჩართულობას ასევე ხელს შეუწყობს დიასპორის წარმომადგენლებისთვის შექმნილი ახალი კომფორტული ონლაინ აპლიკაცია. აპლიკაციის საშუალებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მარტივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი და განხორციელებული პროგრამების, საქართველოში მიმდინარე პროცესების, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჯანდაცვის, სოციალური უფლებების, იურიდიული მომსახურების და სხვა სერვისების შესახებ.

პარლამენტის წევრებთან მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა ორმაგი მოქალაქეობის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა რომ: „პარლამენტის ინიციატივით და საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით, იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწვეტილება აისახოს უკვე საკანონმდებლო დონეზე და ყველა რისკების გათვალისწინებით მოხდეს მისი ამოქმედება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად არის ჩართული ამ პროცესში და გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურობას“,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრა საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინიციატივით განხორციელდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0