ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადგილობრივი ხელისუფლებები, იმისათვის, რომ მათ თავიანთი ხალხის განვითარების პულსზე ედოთ ხელი

03/09/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

“მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით ამბროლაურელებს, მივესალმები სრულიად რაჭა-ლეჩხუმს, მივესალმები სრულიად ლენტეხს!
ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ დღეს მობრძანებისთვის. ჩვენ ერთად გავიარეთ ხუთი ძალიან მნიშვნელოვანი წელი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რაჭა-ლეჩხუმის ცხოვრებაში. ჩვენ მეხუთე არჩევნებს ვუახლოვდებით და სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად დავდგეთ ისევ იმისათვის, რომ ჩვენი დაწყებული ყველა კარგი საქმე გავაგრძელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ.
დღევანდელი არჩევანი განაპირობებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ყოველი ქალაქისა და ყოველი სოფლის განვითარებას, თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებას, თქვენი ოჯახების მომავალს. ამიტომაც, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ კიდევ ერთხელ სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ხმას მივცემთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კუთხის უკეთეს მომავალს.
„ქართულმა ოცნებამ“ ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ ჩვენს ხალხს ეგრძნო შვება და თითოეული ჩვენგანის ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ჯანდაცვისა და სოციალურმა პროგრამებმა მთლიანად შეცვალა ამ მხრივ ადამიანების ყოფა და ამაში, ალბათ, ყველა თქვენგანი დამეთანხმებით.
ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ და ვაგრძელებთ კეთებას სოფლის მეურნეობის განვითარების, წარმოების ხელშეწყობისთვის და ამაზე მეტყველებს ჯერ არნახული პროექტები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ყველა კუთხეში. მართლაცდა, ჩემო მეგობრებო, ეს პროექტები არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი და საჭიროა ამ პროგრამების მასშტაბების კიდევ უფრო გაფართოება, რათა მან მოიცვას თითოეული ოჯახის ყოფა, რათა ყველამ იგრძნოს ის ახალი შესაძლებლობა, რომელიც საქართველოში იქმნება ამ მიმართულებით.
იმისათვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს, სულ უფრო მეტი საწარმო უნდა ამუშავდეს, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ხალხმა ამოისუნთქოს. ჩვენ დავიწყეთ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა და ამ გეგმის საშუალებით, დიდი ცვლილებები უნდა შევიტანოთ საქართველოს რეგიონებში. მჯერა, რომ თქვენ ამ მიზნის განხორციელებაშიც კვლავ ჩვენთან ერთად დადგებით.
ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ამბროლაურს ჰქონოდა საერთაშორისო სტანდარტების ძალიან კარგი რეგიონული აეროპორტი. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამბროლაურის აეროპორტი ამუშავდა და სასიხარულოა, რომ მგზავრთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ რეისის დამატებაც მოგვიწია. ამბროლაურის აეროპორტი კი ეს არ არის ერთი ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ახალი სიცოცხლის პერსპექტივა ამ რეგიონისთვის და იმ დიდი განვითარების გეგმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ რაჭა-ლეჩხუმში, ლენტეხში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს სწორი სივრცითი მოწყობა, გამართული ინფრასტრუქტურა და განვითარებული მეწარმეობა. ეს არის ის, რაც აძლიერებს ჩვენს რეგიონებს და რაც განაპირობებს ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. სწორედ ამ გეგმას მივყვებით ჩვენ და მჯერა, რომ ამ ყველაფრის ერთობლიობა გამოაცოცხლებს რაჭას, ლეჩხუმს, ლენტეხს – ჩვენი ქვეყნის ამ ულამაზეს და მართლაც შესანიშნავ კუთხეებს.
ამ რეგიონების ულამაზესი ბუნება, კულტურისა და ისტორიის ძეგლები, ღვინის ტურიზმი, ეს არის ის სიმდიდრე, რითაც ეს მხარე იზიდავს ტურისტებს და ჩვენ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, ვინაიდან თითოეული ჩამოსული დამატებითი ტურისტი არის დამატებითი ადგილობრივი პროდუქტის მოთხოვნილება, დამატებითი ადგილობრივი საოჯახო სასტუმროს მოთხოვნილება და ეს არის სწორედ ის, რაც საბოლოო ჯამში დასაქმებას იწვევს რეგიონში. ტურიზმის განვითარება, სწორედ ამიტომ, ძალიან კარგ პერსპექტივებს და დამატებით შემოსავალს უჩენს აქაურ ხალხს. მინდა იცოდეთ, რომ ხელისუფლება გვერდში დაგიდგებათ და ხელს შეგიწყობთ ყველაფერში, რაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას სჭირდება.
ჩვენ მიერ ბიზნესისთვის სწორი პირობების შექმნამ განაპირობა ის, რომ აქ, თანდათან, სულ უფრო ვითარდება ადგილობრივი წარმოება. ამის ძალიან კარგი მაგალითია კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველო“, რომელიც გახლავთ შვეიცარიასთან ერთობლივი საწარმო და რომელმაც მესაქონლეობის დარგში ძალიან მაღალი დონის წარმოება აამუშავა და დღეს წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას ეწევა. ამ კომპანიის ხელშეწყობით და სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, ონსა და ამბროლაურში მუშაობს მესაქონლეობის ახალი საწარმოები, რომლებიც სამაგალითოა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს ქვეყანაში. გაჩნდა სამუშაო ადგილები. ახლა მთავარია ამან მასშტაბური ხასიათი მიიღოს და მეწარმეობის სულისკვეთება მთელ ქვეყანას მოედოს. სწორედ „ბლაუენშტაინ საქართველოს“ მოდელის დანერგვას ვგეგმავთ მთელ საქართველოში, როგორც საუკეთესო მაგალითის, ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად, ყველაზე კარგი მოდელის, რომელიც ითვალისწინებს არა განყენებული მსხვილი საწარმოს შექმნას, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს ხოლმე ადგილობრივი მცირე მეწარმეების, მცირე ფერმერების უსაქმოდ დარჩენას, არამედ მცირე ფერმერების ჩართულობით, ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრების შენარჩუნებით, საკუთარ მიწის ნაკვეთებზე ერთიანი კოოპერატივის შექმნას იმისათვის, რომ ჩვენ მივიღოთ თანამედროვე სტანდარტების საწარმო. ასეთი საწარმო და ასეთი პროექტი უკვე დაწყებულია ასევე ფშავში და ჩვენ, ალბათ, სხვა რეგიონებშიც გავაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების განხორციელებას.
ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს და ვაპირებთ უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მთელ საქართველოში იგება გზები, შენდება ახალი აეროპორტები, ესტაკადები, ხიდები და გვირაბები, ნავსადგური. დღეს ჩვენ გვაქვს მიუვალი სოფლები და ამ გეგმის განხორციელებით ჩვენ გადავჭრით ამ პრობლემას.
წელს უკვე, მეოთხე კვარტალში, ჩვენ დავიწყებთ საჩხერის და რაჭის შემაერთებელი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობას გააჩენს რაჭა-ლეჩხუმისთვის და ლენტეხისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს არის ის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს დედაქალაქთან კავშირის რეგიონის თითოეული მცხოვრებისთვის.
ამის გარდა, ჩვენ ვმუშაობთ პროექტირებაზე და ქუთაისის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის შემაერთებელი გზის მშენებლობაც მალე დაიწყება, როდესაც პროექტირება დასრულებული იქნება. ესეც გახლავთ ქუთაისთან ამ რეგიონის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ლენტეხის დაკავშირება ქუთაისთან, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრთან, იქნება ძალიან დიდი სტიმული განვითარებისთვის.
მეგობრებო, ძალიან დიდ სიხარულს იწვევს ჩემში ის, რომ წელს პირველად, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ამბროლაურში შობადობამ გადააჭარბა სიკვდილიანობას. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, რომ რეგიონებში დაბრუნდნენ ახალგაზრდები, მოიკიდონ ფეხი და შექმნან ძლიერი, წელგამართული ქართული ოჯახები იმისათვის, რომ საქართველო გაძლიერდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამბროლაურის მერე აუცილებლად იქნება სხვა რაიონები ამ რეგიონის შემადგენელი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოინდომებს, დაბრუნდეს და ფეხი მოიკიდოს იქ, სადაც მათი ფესვებია.
სწორ სივრცით დაგეგმარებას, რა თქმა უნდა, მოჰყვება ახალი ინვესტიციები, წარმოება, უფრო სწორად განვითარდება რეგიონები, მეტი ხალხი დასაქმდება და ოჯახებს შეექმნება მეტი შემოსავალი, რეგიონებში ცხოვრება გახდება მიმზიდველი.
ჩვენ გავაგრძელებთ ყველა სახელმწიფო პროგრამას, რომლებითაც თქვენ აქამდე სარგებლობდით. ჩვენი ხელშეწყობა იქნება თანმიმდევრული, უწყვეტი და საიმედო და არაფერი არ დაემუქრება იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, რომლებიც სწორედ ამ განვითარების წყარო გახდა.
ეს რეგიონი, განსაკუთრებით რაჭა, წლების განმავლობაში, ხალხისგან იცლებოდა და როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს გვაქვს ჩვენ დადებითი ტენდენცია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტენდენცია გავრცელდება ლეჩხუმშიც, ლენტეხშიც, რომელიც, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში დაიცალა ახალგაზრდებისგან. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ახალი შესაძლებლობები მეწარმეთათვის, მათ შორის დამწყები მეწარმეებისთვის აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ ახალგაზრდები დაბრუნდებიან.
ჩვენი სტრატეგიული გეგმის მიხედვით, მომავალი ათი წლის განმავლობაში უნდა გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება. ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იმას, რომ მაღალი პროფესიონალები დაბრუნდებიან თავიანთ რაიონებში, რეგიონებში და იმუშავებენ ჩვენი ქვეყნის და მათი საკუთარი კუთხის სასიკეთოდ. ამისთვის, მეგობრებო, საჭიროა ჩვენი ერთსულოვნება, ჩვენი კიდევ ერთხელ გაერთიანება იმისათვის, რომ ერთიანობით, ერთობლივი ძალისხმევით, ერთმანეთის სიყვარულით და გვერდში დგომით დავძლიოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს წინაშე დგას და რა თქმა უნდა, სტაბილურობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ უზრუნველყო და ის დაბალანსებული პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვეწევით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ ის ჩვენი სტრატეგიული ხაზი, რაც ევროპის ნამდვილ წევრად გახდომას გულისხმობს. ამისათვის კი ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადგილობრივი ხელისუფლებები, იმისათვის, რომ მათ თავიანთი ხალხის განვითარების პულსზე ედოთ ხელი, იმისათვის, რომ მათ მიიღონ ყველაზე სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილება, რათა ჩვენ უსწრაფესად მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ ოჯახს დაეტყოს კეთილდღეობის ცვლილება. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ კანდიდატებს მუნიციპალიტეტის მერობის თანამდებობებზე. ეს კანდიდატურები გახლავთ:
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი – ზვიად მხეიძე. რატომღაც მას ყველანი დავითად უფრო ვიცნობთ, მათ შორის მეც და წარმოგიდგენთ დავით მხეიძეს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იქნება ყველა თქვენგანის კეთილდღეობაზე მზრუნველი. იგი გახლავთ საინჟინრო და მენეჯერული გამოცდილების მქონე, ბოლო პერიოდში ის გახლდათ მერის მოადგილე და მას ყველა თქვენგანი იცნობს.
ონის მერობის კანდიდატი გახლავთ ემზარ საბანაძე. ბატონი ემზარი ონიდან გახლავთ. მას ჰქონდა ძალიან წარმატებული კარიერა თავდაცვისა და სამართალდაცვის სფეროებში, სადაც ეკავა ძალიან მაღალი თანამდებობები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და მედლით მხედრული მამაცობისთვის. დარწმუნებული ვარ, ბატონი ემზარი ონელების ინტერესს ძალიან კარგად დაიცავს და ყოველმხრივ შეუწყობს ხელს თითოეული ადამიანის კეთილდღეობას.
ცაგერში მერის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ავთანდილ უგრეხელიძის კანდიდატურას. ბატონი ავთანდილი გახლავთ ლეჩხუმელი. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას ძალიან შთამბეჭდავი კარიერა აქვს, მან განათლება მიიღო ილინოისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიით იურისტია. მას აქვს მუშაობის ძალიან საინტერესო გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
ლენტეხის მერობისთვის იბრძოლებს ბადრი ლიპარტელიანი. ის ცნობილი ექიმია და ბევრი თქვენგანი მას ძალიან კარგად იცნობს. გარდა ამისა, ის გახლავთ ლენტეხის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი და აქვს ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ამ ხალხს სრულ ნდობას უცხადებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ძალისხმევას, ენერგიას არ დაიშურებს იმისათვის, რომ ჩვენს მომავალ შეხვედრაზე, როდესაც ჩვენ ასე შევხვდებით ერთმანეთს, ჩვენ, ხელისუფლება ვიყოთ პირნათელი თითოეული თქვენგანის წინაშე. მათ არ აკლიათ გულისხმიერება, პროფესიონალიზმი, წესიერება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანის გვერდში დგომით, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ულამაზესი რეგიონი, სამოთხე ნამდვილად დედამიწის, გაკაშკაშდება, ნამდვილად აგუგუნდება და თითოეულ ოჯახში შევა კეთილდღეობა. დიდი მადლობა. გილოცავთ დღევანდელ და მომავალ წარმატებებს.”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0