ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რომელმაც დღეს აქ მოგვიყვანა

28/03/2017

დღევანდელი დღე არ არის ჩვეულებრივი დღე. ეს არის განსაკუთრებული დღე როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის. დღეს ძალაში შევიდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, – განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა (Donald Tusk) საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
დონალდ ტუსკის განმარტებით, საქართველოს ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და დღეს საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს.
„ ჩვენ დიდი გზა გამოვიარეთ, რომელმაც დღეს აქ მოგვიყვანა. ამ გზამ, ჩემი აზრით, წვლილი შეიტანა საქართველოს განვითარებაშიც.
საქართველომ წარმატებით განვლო ეს გზა და დიდ წარმატებას მიაღწია. ეს არის ისტორიული დღე ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით კი ქართველი ხალხისთვის, რომლებიც დღეიდან ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით შენგენის ზონაში სამოგზაუროდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირსა და საქართველოს შემდგომი დაახლოებისა და ურთიერთობების გამტკიცების გზაზე.“, – აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ტუსკს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკური ასოცირების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს დელეგაციისთვის უდიდესი პატივია იმყოფებოდეს ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის ისტორიული ფაქტის აღსანიშნავად.
“ნება მომეცით აღვნიშნო, რომ ეს გამოწვევებითა და მიღწევებით სავსე გზა იყო. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია უმნიშვნელოვანეს მოტივაციას წარმოადგენდა შორსმიმავალი რეფორმებისა და ქვეყანაში დადებითი ცვლილებების განხორციელების მიმართულებით. ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ ეფექტურ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ჩარჩოს, რაც უმნიშვნელოვანესი მოთხოვნების შესრულების შედეგია. უვიზო მიმოსვლა უმნიშვნელოვანესი მიღწევაა, რაც ხელშესახებ შედეგს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს და იქნება შესანიშნავი მოტივაცია ევროკავშირში სამომავლო ინტეგრაციისათვის.საქართველოს სწამს ევროპული მომავლის, ჩვენ მოწოდებულნი ვართ, გავაგრძელოთ პროგრესული განვითარება ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით ჩვენი ამბიციური გეგმის განსახორციელებლად,” – აღნიშნა პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0