ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის რაიონისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა.

„ჩვენ გამორჩეული უბნისთვის შევარჩიეთ გამორჩეული და ძალიან ღირსეული კანდიდატი – ლადო კახაძე. ლადო კახაძე არის თავის სამშობლოზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და მან ეს დაამტკიცა თავისი პროფესიული საქმიანობის დროს. ბევრისთვის ლადო არის პროფესიონალიზმის ეტალონი. ლადო კახაძემ თავისი სამოქალაქო აქტივობით დაამტკიცა, რომ ის ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზეა, მიუხედავად ნებისმიერი პოლიტიკური სპეკულაციისა და პირადად ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი თვისება. დარწმუნებული ვარ, ლადო კახაძე აუცილებლად მოიპოვებს მთაწმინდელების ნდობას და მთაწმინდელებს ეყოლება ძალიან პრინციპული და აქტიური დეპუტატი, რომელიც ყოველთვის დაიცავს თქვენს ინტერესებს” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლადო კახაძის წარდგენისას.

„ადამიანი, რომლის პროფესიაც პირდაპირ არის დაკავშირებული სიცოცხლესთან და სიკეთის კეთებასთან, ადამიანი რომელსაც სხვა ადამიანზე ცუდს ვერ დააცდენინებ. ის, როგორც ნამდვილი ექიმი, ყველას გადარჩენის, ყველას დაცვის მიზეზს ეძებს და პოულობს კიდეც, რადგან მისი გული სავსეა სიკეთით. დარწმუნებული ვარ, მთაწმინდელების თანადგომით, თქვენ ღირსეულად გაიმარჯვებთ და თქვენი სახით, თბილისს, მთაწმინდის ოლქს პარლამენტში კიდევ ერთი ღირსეული ქომაგი შეემატება” – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

„მე ორ ახალგაზრდა კაცთან ერთად წამოვედი. ესენი ჩემი შვილიშვილები არიან – ნიკოლოზი და ანდრია. მთაწმინდაზე დაბადებული და გაზრდილი მეოთხე თაობის წარმომადგენლები. მათი და მათი მშობლების თაობის დიდი ნაწილი დაბადებამდე მინახავს. მე მათ ვერასოდეს ვერ ვუღალატებ. მათი თვალებით დანახული მომავლის გააწმყოება მინდა. მათთვის და მათთან ერთად ლამაზი, შინაარსიანი, ადაპტირებული, განათლებული, უსაფრთხო და ღირსეული მომავლის აშენება მინდა, მათთან და თქვენთან ერთად. დიდი მადლობა მხარდაჭრისთვის, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – განაცხადა ლადო კახაძემ.

მან მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, დედაქალაქის მერს, „ქართულ ოცნებას“, მის ლიდერებს და დამსწრე საზოგადოებას.

Visited 113 times, 1 visit(s) today